თბილისის მერიის განცხადებით, წერეთელზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ერისთავის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეიზღუდება.
კერძოდ, მერიის ცნობით, შეზღუდვა იმოქმედებს 25 და 26 იანვარს, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე, წერეთლის გამზირის კვეთასთან არსებულ საგზაო მონაკვეთში.
***
19 იანვარს თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ რეაბილიტაციის დასრულებამდე, წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.
***
16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მერიამ წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი შეუწყვიტა. საქმე ეხება ორ კონტრაქტორ კომპანიას - შპს ერ ტე დეს და შპს მილენიუმ ბილდერს გრუპს.
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ინსპექტირებისას დაფიქსირდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა და კომპანიების მიერ ობიექტზე სამუშაოების შეფერხებით შესრულება.
მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის წერილი 15 იანვრითაა დათარიღებული და ნათქვამია, რომ "დღეის მდგომარეობით სამუშაოები ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის".
17 იანვარს მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის იანვრის ბოლომდე დასრულებისთვის 4 კომპანიასთან კონტრაქტები გააფორმა. კონტრაქტის ჯამური ღირებულება 17 მილიონ ნახევარი ლარია.
მერიამ კონტრაქტები გააფორმა კომპანიებთან: ბლექ სი გრუპი, პარმა, ენკო, ჯეუ გრუპი.
თბილისის მერიაში ირწმუნებიან, რომ წერეთელზე საავტომობილო მოძრაობა "დათქმულ ვადაში" გაიხსნება.