logo
ENG



მეუფე ნიკოლოზი: ღარიბაშვილის პატრიარქთან შეხვედრის შედეგია სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა

15 მაი 202217:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/15/6rreby0rk7v97tm.png

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა ირაკლი ღარიბაშვილის პატრიარქთან შეხვედრის შედეგია.

მისი თქმით, "ამისთვის ყველა მადლიერი უნდა იყოს".

"პატრიარქი შეხვდა პრემიერმინისტრს. არ არის აუცილებელი, რომ ყველა დეტალი ვიცოდეთ ამ საუბრის. შედეგი იყო ის, რომ სააკაშვილი გადაიყვანეს საავადმყოფოში და მადლიერი უნდა იყოს ყველა ადამიანი ამისთვის - ოჯახის წევრიც, საზოგადოებაც", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

კითხვაზე, რატომ არ შეხვდა პატრიარქი სააკაშვილის ოჯახს, მიტროპოლიტი ამბობს, რომ "არ არის საჭირო ხელოვნურად პატრიარქის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა".

"ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შედეგი იყო რომ გადაიყვანეს საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილი. არ უნდა შეხვედროდა? ოჯახის წევრებს რატომ უნდა შეხვედროდა? ამიტომ არ უნდოდათ შეხვედრა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო?" - დაამატა მან.

სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, კლინიკა ვივამედში 12 მაისს გადაიყვანეს.

იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივამედში გამოკვლევებზე გადაყვანა 10 მაისს შესთავაზა.

სახალხო დამცველთან არსებული სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობითა და დეპრესიით, რამაც საბოლოო შედეგად დააყენა ანორექსია. კონსილიუმის დასკვნით, საჭიროა ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.  


close დახურვა