logo
ENG



მზია ქასრაშვილი: ექსპერტიზის შემდეგ ეჭვი მაქვს, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს

30 ივნ 202021:49
3 წუთის საკითხავი
 

„ექსპერტიზის შემდეგ უკვე ეჭვი მაქვს, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს“, - ამის შესახებ განცხადებას გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულად ცნობილი ვახო ახვლედიანის ადვოკატმა მზია ქასრაშვილმა, გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ გააკეთა.

მისი განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნამდე მას ეგონა, რომ შაქარაშვილს ფეხი დაუცურდა და ისე ჩავარდა წყალში, თუმცა მანამ სანამ გიორგი შაქარაშვილი წყალთან ახლოს მივიდოდა, ბეტონის ფილები, ხეები და ბუჩქები ჰქონდა გასავლელი, ამ გზის გავლას კი მხოლოდ კარგად მყოფი ადამიანი შეძლებდა.

„ აქამდე მეგონა, რომ მას ფეხი დაუცურდა, ისევ ბიძამისის ჩვენებიდან გამომდინარე, რომ შეიძლება ფეხი დაუცურდა ბავშვს და წყალში ჩავარდა მეთქი, მაგრამ იქ როგორ ჩავიდა? როცა დავათვალიერე ეს უბანი, მობილურითაც კი ვერ ჩაწვდა სხივი. ხევია, სადაც არის ბეტონის ფილები, ბეტონის ფილების შემდეგ არის ხეები, ბუჩქები, შემდეგ ვაკე ადგილი ის უნდა გაიარო, სადღაც 50 მეტრი და შემდეგ არის წყალი. ეს თუ გაიარა შაქარაშვილმა, მაშინ კარგად ყოფილა ის. ექსპერტიზის შემდეგ უკვე ეჭვი მაქვს, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს“, - აცხადებს ქასრაშვილი.

 

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული. 

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

 


close დახურვა