გურჯანიისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსი ექვთიმე აცხადებს, რომ პარტიულ ღონისძიებაზე არავის დაუპატიჟებია, თუმცა, ალბათ არც წავიდოდა.
"ფორმულას" კითხვაზე, რამდენად მისაღებია მისთვის სასულიერო პირის მხრიდან პარტიულ ღონისძიებაზე დასწრება, პასუხობს, რომ ადამიანი თვითონ აკეთებს არჩევანს.
"ადამიანის თავისუფალი ნებაა და თვითონ აკეთებს არჩევანს. მე არ მქონია ასეთი გამოცდილება, არავის დავუპატიჟებივარ. მართალი რომ გითხრათ, ალბათ, პარტიულ ღონისძიებაზე არ წავიდოდი", - აცხადებს მთავარეპისკოპოსი.
კითხვაზე, მოახდენს თუ არა გავლენას ამომრჩეველზე, როცა მისი ეპარქიის ხელმძღვანელი კონკრეტული პარტიის ღონისძიებაზე მიდის, ეპისკოპოსი პასუხობს, რომ "ვიღაზე მოახდენს, ვიღაცაზე - არა".
ქართული ოცნების საარჩევნო ღონისძიებებს სხვადასხვა რეგიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი ეპარქიის წინამძღვრები პერმანენტულად ესწრებიან.
მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ "ფორმულას" განუცხადა, რომ მღვდელმთავრები პარტიულ ღონისძიებებზე მისვლით კანონს არ არღვევენ და ეს მათი თავისუფალი გადაწყვეტილების საკითხია.
სამართლიანი არჩევნების შეფასებით, მმართველი პარტიის ღონისძიებებზე სასულიერო იერარქების დასწრება ეკლესიის მიერ "ქართული ოცნების" მხარდაჭერის განცდას ქმნის. ISFED -მა მოუწოდა სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.