ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას, თქმით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის იქნება წერტილოვანი შეზღუდვები, ხოლო რა დოზით იქნება ეს ზამთრის კურორტებისთვის, ამაზე მსჯელობა მიდინარეობს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა, რომ ზამთრის კურორტი, ისევე როგორც ზაფხულის, არის დიდი მობილობის გენერატორი.
"მთავრობა არ აპირებს მასშტაბურ ლოკდაუნს ქვეყანაში, ეს არის ჩვენი პოზიცია, რომ მოვახერხოთ ადაპტაცია ვმართოთ თუნდაც ასეთი გაზრდილი ეპიდემიის გამოვლინებელი და ნაკლებად დავაზარალოთ ეკონომიკა და ბიზნესი.
თუმცა წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, თუ რა დოზით შეეხება ის ზამთრის კურორტებს, ამაზე ვმსჯელობთ და ეს გახდება ცნობილი. პრიორიტეტი არის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
ზამთრის კურორტი, ისევე როგორც ზაფხულის კურორტი არის დიდი მობილობის გენერატორი, ამ თვალსაზრისით ეპიდემიოლოგიურად გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს. რამდენად შევძლებთ, სრულფასოვნად ვამუშაოთ ამ პირობებში ზამთრის კურორტები, ამაზე ვიმსჯელებთ და მოგვიანებით მოგაწოდებთ ინფორმაცის", - თქვა ნათია თურნავამ.
ამ დროისთვის აკრძალულია კაფე ბარებისა და რესტორნების მუშაობა საღამოს 22 საათის შემდეგ. ასევე, 22 საათიდან არის აკრძალული ქვეითებისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.
გარდა ამისა, როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდეულოა პირბადის ტარება. რეგულაციის დარღვევისთვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 38 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 409 პაციენტი.