საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მთავრობამ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა.
დარჩიაშვილის თქმით, ტექნიკურ საკითხებში მომზადების შემდეგ, დოკუმენტი 10 მაისს ევროკომისიას გადაეცემა.
"საქართველომ დაასრულა კითხვარის მეორე ნაწილზეც მუშაობა, აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ საკითხში საჭიროებს მომზადებას და ჩვენ ვგეგმავთ, რომ 10 მაისისთვის ევროკომისიას საქართველომ კითხვარის ბოლო ნაწილი გადასცეს", - თქვა დარჩიაშვილმა.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა.
კითხვარი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის მიერ ქვეყნის შეფასების პროცესში გამოიყენება. კანდიდატობის მსურველ ქვეყანას, შესაძლოა, ათასობით კითხვა გაეგზავნოს, რომელიც კომპლექსურ პასუხებს მოითხოვს. კითხვები შეეხება ქვეყანაში ადამიანის უფლებების შესახებ მდგომარეობას, რეფორმებს, განათლებას, კულტურას, სოფლის მეურნეობას და კიდევ სხვა უამრავ სფეროს.
კითხვარის ჩაბარების შემდეგ ევროკომისია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოსაზრებას შეიმუშავებს, რომელსაც ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის. კითხვარი შეფასების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააკეთა.