მთავრობის კანცელარიასთან სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებზე ძალადობა გააპროტესტეს. აქციაზე მყოფები ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.
"გარდა იმისა, რომ არსებობს ეჭვი, რომ ეს ადამიანები მობილიზებული იყვნენ მთავრობის მიერ და ამას რომ თავი დავანებოთ და საერთოდ ეს ეჭვიც რომ არ არსებობდეს, მთავრობა მაინც პასუხისმგებელია, რადგან უყურა და არაფერი გააკეთა ამის აღსაკვეთად", - ამბობს News.On.ge-ს მთავარი რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე.
TV პირველის ტელეწამყვანი, თორნიკე კვერენჩხილაძე ამბობს, რომ სწორედ პრემიერმინისტრის განცხადებებს მოჰყვა ძალადობრივი პროცესები.
"დღეს აქ უფრო მეტი ადამიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ზოგიერთი ახლა მკურნალობას განაგრძობს და ზოგიერთი იმ შოკიდან გამოდის, რაც მიიღეს ხუთ 5 ივლისს. არ შეიძლება ასე გაგრძელება და მანამდე არ დასრულდება ეს პროცესი, ვიდრე ადამიანები არ ნახავენ და არ იგრძნობენ, რომ კანონი არის კანონი და მედიის წინააღმდეგ არ შეიძლება ისე მოქმედება, როგორც მოქმედებენ", - აღნიშნა კვერენჩხილაძემ.
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. მათგან 6 ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისთვის შსს-ს ამ დრომდე მხოლოდ 7 პირი ჰყავს დაკავებული.
ხოლო გუშინ, 6 ივლისს სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა პოლიციის კორდონის გაარღვიეს. ისინი პარლამენტთან შეკრებილებს ქვებს, ხელკეტებს და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა კონტრაქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიიდან გაიყვანა.
მას შემდეგ, რაც სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, შსს-მ ძალადობრივი ჯგუფებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის საშუალება მისცა. მათ შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს. უწყებამ 100 ადამიანი დააკავა, მათი უმრავლესობა კი გაათავისუფლეს.