logo
ENG



მილორავა ენმ-ის არჩევნებზე: გაიცხრილა 124 ადამიანი, ფაქტობრივად, ფილტრაცია არ ჩატარებულა

28 იან 202312:28
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი მუმლაძის საარჩევნო შტაბი წარმომადგენელი, ალექსანდრე მილორავა ამბობს, რომ არჩევნებზე რეგისტრირებული 50 ათასი ადამიანიდან, მხოლოდ 124 გაიფილტრა. მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ "ფილტრაცია, ფაქტობრივად, არ ჩატარებულა".

"ძალიან მცირე რაოდენობა არის გაფილტრული. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით რეგისტრაციის დაწყების შემდეგ, რადგან დაგვიანდა ბაზების გადმოცემა, ეს ერთი და არ გვქონდა იმ ტიპის ბაზები, რომლებიც იყო პოლიტსაბჭოს წესის მიერ განსაზღვრული. 50 000 რეგისტრირებულიდან ჯამში გაიცხრილა 124, ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ფილტრაცია არ ჩატარებულა", - თქვა მილორავამ.

ენმ-ის წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, ენმ-ის არჩევნებზე პოლიტიკოსებიც დარეგისტრირდნენ. ის არ ასახელებს მათ ვინაობას, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ადამიანები სიიდან გაიფილტრნენ.

"მე არ მაქვს უფლება, საჯაროდ ვთქვა, ვინ გავფილტრეთ, თუმცა პირდაპირ ვაცხადებ, რომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც დარეგისტრირდნენ, სხვა სუბიექტებს ვგულისხმობ, ნაციონალური მოძრაობის შიდა არჩევნებზე, არ ვიცი, რას ემსახურებოდა მათი მიზანი. მაგრამ მინდა, საჯაროდ ვუთხრა, რომ ის კლოუნადა, რომლის მოწყობაც უნდოდათ, ჩვენ ეს ჩავუშალეთ და ყველა ის ადამიანი, რომელიც არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის დარეგისტრირდა ენმ-ის შიდა არჩევნებში, ყველა არის გაფილტრული", - აღნიშნა მან.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში დღეს 10:00 საათზე თავმჯდომარის არჩევნები დაიწყო.

ნაციონალური მოძრაობის ვებგვერდზე თავმჯდომარის ასარჩევად მოქალაქეების რეგისტრაცია 26 იანვარს 10:00 საათზე დასრულდა. რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონულად, ე.წ. ბლოკჩეინის სისტემის გამოყენებით განხორციელდება - ხმის მიცემა 30 იანვრის 10:00 საათამდე გაგრძელდება.

პარტიაში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამოწმებს, ვინ გადის რეგისტრაციას, ხომ არ აქვთ მათ ყალბი ანგარიში, ან ხომ არ არიან სხვა პარტიის ამომრჩევლები. პროცესს თავმჯდომარეობის ოთხივე კანდიდატის შტაბების წარმომადგენლებიც აკვირდებიან.

9 ნოემბერს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შიდა პარტიული არჩევნები, მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევა მოითხოვეს. იმავე დღეს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ არჩევნებში მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე თანაგუნდელებმა "ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს".

საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. 16 ნოემბერს მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ლევან ხაბეიშვილმაც და გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნას შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. მოგვიანებით ჩალაძემ კანდიდატურა მოხსნა. 12 დეკემბერს საკუთარი კანდიდატურა დააყენა ნონა მამულაშვილმაც.


close დახურვა