ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის აკაკი მინაშვილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს მათთვის საკუთარი წინადადებები არ შეუთავაზებია.
როგორც მინაშვილმა აღნიშნა, მთავარი საკითხი, რაზეც ისაუბრეს, პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო.
მისივე თქმით, შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება.
"მედიატორს საკუთარი წინადადებები არ შემოუთავაზებია. ჩვენი მთავარი საკითხები, რომელიც წამოვწიეთ, უპირველეს ყოვლისა ეს არის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი. ჩვენი პოზიციაა, რომ თუ პირველ რიგში ამ ორი ადამიანის გათავისუფლება არ მოხდება, სრულფასოვანი მოლაპარაკებების გაგრძელება იქნება რთული. ეს იყო თემა, რომელზეც ვსაუბრობდით. რაც შეეხება წინადადებებს, შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება და საბოლოო ჯამში რაღაც სურათი ალბათ გამოიკვეთება", - განაცხადა მინაშვილმა.
შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა. მან ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან მედიაციის მიზნით შეხვედრები დღეიდან დაიწყო.
დანიელსონის თავდაპირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა.
ევროპულ საბჭოში საქართველოში ჩატარებული მისიის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ "მიღწეული პროგრესის" მიუხედავად, მისი წარმომადგენელი საქართველოში კვლავ დაბრუნდებოდა.
ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების შესახებ აცხადებენ, რომ მათი მხრიდან კომპრომისი ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი - მათი თქმით, მმართველი პარტია ამ ორი საკვანძო საკითხის მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს ამ დრომდე არ დგამს.
- რა პოზიციებით შედიან პარტიები განახლებულ მოლაპარაკებებში, ნახეთ აქ.
ხელისუფლების წარმომადგენლები კი დანიელსონის ვიზიტის შემდგომაც აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ვადამდელი არჩევნების საკითხზე კომპრომისს არ უნდა ველოდოთ.
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთერთი მთავარი მოთხოვნა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, არ შესრულდება.