logo
ENG



მიქაელ ბოტკოველი: სააკაშვილთან მოვედი იგივე დავალებით - უწმინდესობის წერილი უნდა გადავცე

04 ნოე 202115:35
3 წუთის საკითხავი
 
მიქაელ ბოტკოველი: სააკაშვილთან მოვედი იგივე დავალებით - უწმინდესობის წერილი უნდა გადავცე

პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა. 

როგორც ციხეში შესვლამდე მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ყოფილ პრეზიდენტს პატრიარქის წერილი უნდა გასცდეს.

დეკანოზის თქმით, პატრიარქის თხოვნაა, რომ სააკაშვილმა შიმშილი შეწყვიტოს.

"მოვედი ბატონ მიხეილ სააკაშვილთან, ისევ იგივე დავალებით. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, მაქვს წერილი გადასაცემი. წერილის შინაარსი შეეხება ისევ და ისევ მის პრინციპულ პოზიციას შიმშილობასთან დაკავშირებით. მინდა წერილი გადავცე და მოვიკითხო. თხოვნაა და რჩევაა მისი უწმინდესობის, რომ შეწყვიტოს შიმშილი", - თქვა მიქაელ ბოტკოველმა.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 35-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.

ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.  მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის ექსპერტებისგან შემდგარი ექიმების ჯგუფმაც. 

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

მიუხედავად ამისა, მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია და საჭირო სამედიცინო დახმარებას ექს-პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში მიიღებს.


close დახურვა