ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ერთიანი პოზიციის დასაფიქსირებლად პოლიტიკოსებმა ხელიდან იშვიათი შესაძლებლობა გაუშვეს.
მიქსერის განცხადებით, ბევრი ქართველი პოლიტიკოსი კომპრომისს სისუსტედ განიხილავს, რაც "ძალიან სამწუხაროა".
"რაც შეეხება კონკრეტულ რეზოლუციას, ვიტყოდი, რომ სხვადასხვა სპექტრისა და ორივე მხარის პოლიტიკოსებთან საუბრის შემდეგ, ვხედავ, რომ მათი პოზიციები დიდად არ განსხვავდება. ყველას ესმის, რომ აუცილებელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, ყველას ესმის, რა საფრთხეს წარმოადგენს რუსული აგრესია არამხოლოდ უკრაინისა და საქართველოსთვის, არამედ მთელი ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის.
ეს ძლიერი გამაერთიანებელი ელემენტია, თუმცა ცხარე დებატები და ბოლო არჩევნების შედეგები გავლენას ახდენს ქართულ პოლიტიკაზე. ისინი სათანადო პატივს არ სცემენ კომპრომისს. ბევრი ქართველი პოლიტიკოსი მას სისუსტედ განიხილავს, რაც ძალიან სამწუხაროა. ამის გამო, ხელიდან გაუშვეს იშვიათი შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ ერთიანი პოზიცია", - თქვა მიქსერმა.
როგორც მან აღნიშნა, კომპრომისთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯი მმართველმა გუნდმა უნდა გადადგას.
"ვფიქრობ, ორივე, მმართველი პარტიაც და ოპოზიციაც უნდა დაფიქრდეს, რა შეიძლება გაკეთდეს კომპრომისის სულისკვეთების გასაუმჯობესებლად. ნათელია, ვისაც უმრავლესობა აქვს, პირველი ნაბიჯი მან უნდა გადადგას, რადგან ოპოზიციისგან განსხვავებით თავს უფლებას ვერ მისცემენ, მარტოებმა იარონ", - თქვა მიქსერმა.
1-ელ თებერვალს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია რუსეთის ხსენების გარეშე მიიღო.
ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა დოკუმენტს მხარს არ უჭერდნენ. ოპოზიცია ითხოვდა, რომ კენჭი ეყარათ ალტერნატიული წინადადებისთვის, რომლითაც რეზოლუციაში რუსეთის შესახებ ჩაიწერებოდა.
ქართული ოცნება და ოპოზიცია უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის შედგენაზე პარლამენტში 2 დღის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.
საუბარია უკრაინის მხარდასაჭერ პოლიტიკურ აქტზე, რომლის ერთობლივ შემუშავებასაც საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვდა, თუმცა მმართველმა გუნდმა მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა. ტექსტის საბოლოო ვარიანტში არსადაა ნახსენები რუსეთი და მისი აგრესია, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. სადავო იყო ტექსტის ფორმულირება რუსეთისა და NATO-ს შესახებ და, ასევე, ტექსტის სათაურიც.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ რეზოლუციის ტექსტი ყველა იმ პუნქტს შეიცავს, რომელიც საჭიროა და დოკუმენტი ეხება იმას, რომ არ მოხდეს ვითარების ესკალაცია.