logo
ENG



მოსამართლე: მინდა, ჩემი ქვეყნის სასამართლოში ინდივიდუალურად იღებდნენ გადაწყვეტილებას

28 დეკ 202016:34
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/28/mi0msyc3ntgb5g1.jpg

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი, რომელიც უზენაესის უვადოდ დასანიშნი მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობს, აცხადებს, რომ ის, როგორც მოქალაქე ისურვებდა უფრო მრავალფეროვან სასამართლოს, სადაც ერთ საკითხს ყველა არ დაეთანხმება და იქნება აზრთა სხვადასხვაობა.

ამით მან გასაუბრებაზე იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეს, ნინო ქადაგიძეს უპასუხა კითხვაზე, რას შეცვლიდა იგი მის ადგილზე რომ ყოფილიყო. 

ნინო ქადაგიძე:

— თქვენი ხედვით, ჩემ ადგილას რას შეცვლიდით?

ქეთევან მესხიშვილი:

თქვენ ადგილას?

ნინო ქადაგიძე:

— კი ბატონო, აი, ჩემ ადგილას თქვენ რას შეცვლიდით? იმისთვის, რომ მეტი დამოუკიდებლობა მოეტანოს სასამართლოს… ვთქვათ იგივე ჩემს მოღვაწეობას. აი როგორ ხედავთ ამას? თქვენ წარმოიდგინეთ თავი რომ ხართ თავმჯდომარე და ამავე დროს საბჭოს თავმჯდომარე. რას გააკეთებდით იმისთვის, რომ საზოგადოებისადმი ნდობა გაიზარდოს სასამართლოს მიმართ?

ქეთევან მესხიშვილი:

ფართო საკითხია და ვისაუბრებ ამ თემაზე. დავიწყებ ერთი, რაც ახლა უცებ თავში მომდის აზრად, არისტოტელეს სიტყვებით, რომ სახელმწიფოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ერთიანობას, მაგრამ თუ რამე დაშლის სახელმწიფოს ეს არის გადამეტებული ერთიანობა და რატომ ვიწყებ მე ამ სიტყვებით, იმიტომ, რომ დღეს სასამართლო გამოიყურება, როგორც ძალიან ერთიანი, ძალიან გუნდური. 

მე, როგორც მოქალაქის პოზიციიდან გეტყვით. მოქალაქეს არ დავაკონკრეტებ, ადამიანის პოზიციიდან, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. მე ვისურვებდი სასამართლო ყოფილიყო უფრო მრავალფეროვანი, სადაც ერთ საკითხს ყველა არ ეთანხმება, სადაც არის აზრთა სხვადასხვაობა, სადაც აზრთა სხვადასხვაობა, აზრთა პოლემიკა, ურთიერთწინააღმდეგობა, ოღონდ პოლემიკა და ურთიერთ წინააღმდეგობა არის ხელშეწყობილი და წახალისებული და არა სტიგმატიზებული.

ვისურვებდი, რომ ჩემი ქვეყნის სასამართლო იყოს მრავალფეროვანი აზრის გამოხატვის თვალსაზრისით, რომ ყველა აფიქსირებდეს თავის პოზიციას, თავის წინააღმდეგობას.

მე არ მინდა, რომ ჩემი სასამართლოს საბჭო ყოველთვის 11 ხმით იღებდეს გადაწყვეტილებას. მე მინდა რომ ჩემი ქვეყნის სასამართლოში სადაც ჩვენ მოსამართლეებმა ავირჩიეთ არა გუნდი არამედ ცალკეული პირები, ინდივიდუალურად იღებდნენ გადაწყვეტილებას.

მე მინდა, რომ სასამართლო გამოიყურებოდეს როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, აზრთა სხვადასხვაობით, პლურალისტურობით, თუნდაც დაპირისპირებული პოზიციებით, ჭიდილით რომ ეს კარგია, ეს ცუდია. მე მინდა, რომ ჩვენ ჩვენს თავმჯდომარეებს ვირჩევდეთ. მე მინდა, რომ კონფერენციაზე არ ქონდეს კანდიდატს 300 ხმა, ქალბატონო ნინო.

ქეთევან მესხიშვილი 2012 წლის იანვრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2020 წლის 19 ნოემბრიდან იგი თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.


close დახურვა