მოსკოვის პროკურატურა მომღერალ ვალერი მელაძეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დაფინანსებაზე შეამოწმებს. სახელისუფლებო გამოცემა TASS-თან საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელმა თქვა, რომ შემოწმების ჩატარების ბრძანება რუსეთის გენერალური პროკურატურიდან მიიღეს.
მომღერალ ვალერი მელაძეს არაერთხელ გაუკრიტიკებია უკრაინაში რუსეთის შეჭრა. დუბაიში საახალწლო კონცერტის დროს, ერთ-ერთმა მაყურებელმა დაიყვირა "დიდება უკრაინას!" რის შემდეგაც მელაძემ მიკროფონის განზე გაწევით უპასუხა "დიდება გმირებს". ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. მელაძემ თავის ინსტაგრამზე დააზუსტა, რომ ყველა ომის წინააღმდეგია. ის წერდა, რომ არ ცდილობს ვინმეს ასიამოვნოს და უკვე ათი თვეა ცხოვრობს „სიმძიმის გრძნობითა და მწუხარებით“, რადგან მისი "საყვარელი ერები კონფლიქტში არიან, რომელშიც ადამიანები იღუპება".
ამის შემდეგ არტისტს პრობლემები შეექმნა. მისი დაგეგმილი კონცერტები რუსეთში არაერთხელ გაუქმა "ტექნიკური მიზეზებით". დუმის დეპუტატმა სერგეი მირონოვმა მელაძისთვის რუსეთში ყველა წოდების ჩამორთმევა მოითხოვა, ხოლო ფედერაციული საბჭოს წევრმა ელენა აფანასიევამ განაცხადა, რომ მომღერალს რუსეთის მოქალაქეობა უნდა ჩამოართვან.
ვალერი მელაძე რუსეთის დამსახურებული არტისტი და ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტია. 2005 წელს მან ასევე მიიღო "ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის" წოდება - უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. მისი ძმა, კომპოზიტორი კონსტანტინე მელაძე უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეა.