მარნეულში მოძრაობა საქართველოსთვის ხვალ კომენდანტის საათს დემონსტრაციულად დაარღვევს. ასეთი გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტივისტებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ხელისუფლებამ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების თხოვნა არ გაითვალისწინა და ნოვრუზ ბაირამისთვის 1 ღამით გადაადგილების შეზღუდვა არ მოხსნა.
როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აქტივისტები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დღესასწაულის აღნიშვნაში მიიღებენ მონაწილეობას.
"საქართველოს ხელისუფლებამ, არ გაითვალისწინა ჩვენი ეთნიკურად აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების თხოვნა, ერთი დღით კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით, რათა მათ სრულფასოვნად აღენიშნათ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული!
ამიტომ, ვუცხადებთ სოლიდარობას და ხვალ, 21 საათის შემდეგ, მარნეულის ქუჩებში, დემონსტრაციულად დავარღვევთ კომენდანტის საათს და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობას მივიღებთ დღესასწაულის აღნიშვნაში! პოლიტიკური კომენდანტის საათი უნდა დასრულდეს!", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა 18 მარტს საქართველოს მთავრობას ოფიციალური წერილით მიმართეს. ისინი ითხოვდნენ დღესასწაულთან დაკავშირებით, მათ ე.წ. კომენდანტის საათის დროს გადაადგილების უფლება ჰქონოდათ. ხელისუფლებამ განცხადება ჯერ რელიგიის საქმეთა სააგენტოს გადასცა განსახილველად, ბოლოს საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში დატოვა.
საკითხს ასევე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც გამოეხმაურა და მთავრობას მოუწოდა, ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით 21 მარტს გადაადგილების შეზღუდვა მოეხსნათ, ისევე როგორც შობის დღესასწაულზე.