მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ მილიონ-ნახევარს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 88 ათას 505 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 330 000-ს აჭარბებს.
ინფიცირებულთა და დაღუპულთა რეკორდული რაოდენობა კვლავ დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში. აქ კოვიდ-19-ი 426 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყნის მასშტაბით ვირუსს გასული დღე ღამის განმავლობაში 1,922 ადამიანი ემსხვერპლა. ნიუ-იორკში წმინდა იოანეს საკათედრო ტაძარი დროებით ჰოსპიტლად გადაკეთდა. კვლავ მძიმე ვითარებაა იტალიასა და ესპანეთში. საფრანგეთში კი კარანტინის რეჟიმი 15 აპრილის შემდეგაც გაგრძელდება. დაღუპულთა რაოდენობა აქ 14 700-ზე მეტია.
საყოველთაო იზოლაციის რეჟიმი გაგრძელდება ლონდონშიც. ბოლო ინფორმაციით, გაუმჯობესდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მდგომარეობა. მისი მოადგილის ინფორმაციით, ბორის ჯონსონმა საწოლზე წამოჯდომა და ექიმებთან გასაუბრება შეძლო. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კოვიდ-19-ის დიაგნოზით, 6 აპრილს გადაიყვანეს. კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა რუსეთშიც. გასული დღის განმავლობაში მოსკოვის კლინიკებში საშიშ ვირუსს 7 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის მასშტაბით დაღუპულთა რაოდენობა 63 აღწევს. ორი ადამიანი დაიღუპა ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში, სადაც ვირუსის ეპიცენტრი მდებარეობს. ქალაქ ვუხანში თითქმის სამ თვიანი კარანტინის მოხსნიდან ერთი დღის შემდეგ, 63 ახალი შემთხვევა დადასტურდა.