იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციები დონორებისგან მიღებულ ფინანსებს "მოსამართლეების ბულინგისთვის" იყენებენ. მურუსიძე ფიქრობს, რომ ასე დამოკიდებელი სასამართლო სისტემა ვერ გაკეთდება.
"როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ დონორების ფულს და ამ ფულს იყენებენ იმაში, რომ დააბულინგონ მოსამართლეები, მათ მიმართ განახორციელონ მორალური ზეწოლა, როდესაც ტელევიზიებშიც 27/7-ზე მიმდინარეობს მოსამართლეების ლანძღვა გინება, ამით ვერ გაკეთდება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. სასამართლოს სჭირდება ხელშეწყობა და არა ბულინგი", - თქვა ლევან მურუსიძემ.
დღეს, 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართება, რომელზეც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევ 4 მოსამართლე წევრს უნდა უყარონ კენჭი.
მოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან მოძრაობა სირცხვილია აქციას "კლანი უნდა დასრულდეს" მართავს.
აქტივისტები მოითხოვენ, რომ შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებამდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესი შეჩერდეს.
დიპლომატებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილითაც კი მიმართეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნების შეჩერება სთხოვეს, რაზეც კუჭავამ ასევე წერილით უპასუხა - მისი თქმით, პროცესს ვერ შეაჩერებდა.
აშშ-ის ელჩმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდა, მოსამართლეთა შერჩევა ივლისამდე გადადოს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ იქნება აშშ-ის საელჩოს წერილის ადრესატი.