logo
ENG



მურუსიძე: განცდა მაქვს, რომ სასამართლოს და მოსამართლეების მიზანმიმართული დევნა ხდება

27 ივნ 202112:37
3 წუთის საკითხავი
 
მურუსიძე: განცდა მაქვს, რომ სასამართლოს და მოსამართლეების მიზანმიმართული დევნა ხდება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ლევან მურუსიძის თქმით, მოსამართლეებისა და ზოგადად სასამართლო სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართული დევნა ხორციელდება.

როგორც მურუსიძემ აღნიშნა, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ტელევიზიები სასამართლოს მუდმივად უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენენ და კარგი სიახლეებით არ ინტერესდებიან.

"ასეთი განცდა მაქვს, რომ სასამართლოს და მოსამართლეების მიზანმიმართული დევნა ხდება. თუნდაც ტელევიზიების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. სიუჟეტს სიუჟეტზე აკეთებთ, რომელიც უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს სასამართლო სისტემას. არასოდეს გაგჩენიათ სურვილი კარგი თუ რამე ხდება სასამართლო სისტემაში ამაზე გაგეკეთებინათ", - თქვა ლევან მურუსიძემ.

კითხვას - რა ხდება კარგი სასამართლოში, მან ასე უპასუხა:

"კარგი ხდება ის, რომ ძალიან გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა. მოქალაქეები სამართალს პოულობენ სასამართლოში. როდესაც გამოკითხვები ხდება, მოქალაქეების 5%-საც კი არ აინტერესებს სასამართლოს გარშემო რა ხდება. ბევრი სარჩელები შემოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ნდობა გაიზარდა სასამართლოს მიმართ. სტატისტიკაში არის ისიც, რომ სტრასბურგის სასამართლოში ბევრად ნაკლები სარჩელები მიდის. ამიტომ თუ დაინტერესდებით ძალიან ბევრ რამეს იპოვით, რაც ხდება დადებითი სასამართლოში", - განაცხადა ლევან მურუსიძემ მოსამართლეების შეხვედრის დაწყებამდე, სადაც სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ.


არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი წლებია, ლაპარაკობენ იმაზე, რომ სასამართლო სისტემას ე.წ კლანი მართავს, რომელიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. 

მოწოდებების მიუხედავად, 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტს სასამართლო რეფორმაზე შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული ყველა პირობა 19 აპრილამდე უკვე შესრულებული ჰქონდა.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, არ შეეჩერებინა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, დასავლელი პარტნიორების კრიტიკა გამოიწვია. შენიშვნა არაერთხელ გამოთქვა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა.

25 ივნისს კი აშშ-ის სენატში წარადგინეს რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ სენატი მიესალმება 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერას. 

სენატი რეზოლუციით მოუწოდებს მთავრობას, დაიწყოს სისტემური რეფორმები. უზრუნველყოს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა. უზრუნველყოს, რომ სასამართლო არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური ან პარტიული მიზნებისთვის. სრულად იყოს მიღებული და გატარებული ვენეციის კომისიის და სხვა ექსპერტების რეკომენდაციები. 


close დახურვა