საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ შოვში სტიქიასთან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული. მისი თქმით, საქმე ორი მუხლით აღიძრა, თუმცა შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს.
"ინციდენტის პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, ორი მუხლით არის საქმე აღძრული, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს, შეიძლება, გადაკვალიფიცირდეს მუხლები, ასე რომ, გამოძიება, რა თქმა უნდა, დაწყებულია", - განაცხადა მან.
მან ასევე ისაუბრა მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებზე და აღნიშნა, რომ დღეს დილის მონაცემებით, ნაპოვნია პირადი ნივთები.
"ამ დილით გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ კონკრეტულად იმ პერიმეტრზე, სადაც ცხედრები იქნა ნაპოვნი ვპოულობ პირად ნივთებს, ტანისამოსს და ვიმედოვნებთ, რომ როგორც დავგეგმეთ, სწორი მიმართულებით მივდივართ და ვნახოთ, დღის განმავლობაში რა შედეგები გვექნება", - აღნიშნა მღებრიშვილმა.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.
ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი.
ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 18 ადამიანთან.