რუსთავის ავტობაზრობაზე საპროტესტო აქცია გაიმართა. დილერები ავტოსადგომის გადასახადის დროებით შეჩერებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადბენ, რომ სომხეთთან და აზერბაიჯანთან საზღვრების ჩაკეტვამ ისინი ფინანსურად მნიშვნელოვნად დააზარალა. ავტობაზრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღებული. ავტოდილერები აქციას ხვალაც აანონსებენ.
"იმის გამო, რომ საზღვრები ჩაიკეტა, მყიდველები აღარ ჩამოდიან. ახლა ვდგავართ და გაურკვევლობაში ვართ. ბაზრის დირექცია გვეუბნება, რომ თანხის შეჩერებაზე პასუხის ხვალ გვეტყვის, მაგრამ არ ვიცით", - აცხადებს ნოურაზ ბაირამოვი.
რუსთავის ავტობაზრობის დირექტორის მოადგილის, დავით სულხანიშვილის თქმით კი, ადმინისტრაცია მუშაობს ამ საკითხზე და უახლოეს დღებში საბოლოო გადაწყვეტილებაც გასაჯაროვდება.
"ჩვენ დაახლოებით სამი დღეა უკვე სამუშაო ჯგუფი გვაქვს შემქნილი და ვმუშაობთ ამ საკითხზე. არაა მარტივი ამბავი და ცოტა გლობალურად მიდგომა სჭირდება. ფინანსთა სამინისტროსთან არის შესათანხმებელი რაღაც საკითხები", - განმარტა სულხანიშვილმა.