logo
ENG



მშვენიერაძე: კარტოგრაფები უსაფუძვლოდ იყვნენ ციხეში, ეს ლაქა სახელმწიფომ უნდა ჩამოირეცხოს

28 იან 202118:26
3 წუთის საკითხავი
 

კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ 10 თებერვალს ჩაინიშნა სასამართლო სხდომა, რომელზეც დაცვის მხარე საქმის შეწყვეტის თაობაზე შუამდგომლობას დააყენებს. 

როგორც მშვენიერაძემ ფორმულას გადაცემაში კომენტარი აღნიშნა, საქმეზე ბრალდებულები უსაფუძვლოდ დააკავეს და ეს "ლაქა სახელმწიფომ უნდა ჩამოირეცხოს". 

"მიღებული გადაწყვეტილება არის ყველასთვის სასარგებლო, პირველ რიგში ბრალდებულებისთვის, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში უსაფუძვლოდ იყვნენ პატიმრობაში. ეს ლაქა სახელმწიფომ უნდა ჩამოირეცხოს. ადვოკატებისთვის ეს ბრძოლაში გადადგმული პირველი ნაბიჯია, რომელიც მარტო ჩვენი დამსახურება არაა, ეს მთელი საზოგადოების დამსახურებაა. იმედი გვაქვს, რომ ამ სასამართლოს პირობებშიც კი, რომელთა მიმართებაში ზოგადად ბევრი პრეტენზია გვაქვს, მივაღწევთ წარმატებას საბოლოოდ", - განაცხადა მშვენიერაძემ. 

მისივე თქმით, ბრალდება კარტოგრაფების მიმართ აბსურდულია. 

"10 თებერვალს იქნება წინასასამართლო სხდომა. გვექნება შუამდგომლობა საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რადგან მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ბრალდება არის აბსურდული", - ამბობს ადვოკატი. 

ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლე ლელა კალიჩენკომ 20 000-20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გირაოს გადასახდელად ორივეს 30-დღიანი ვადა აქვს. მოსამართლემ, ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენებაზე იმ მოტივით, რომ მელაშვილის თანამდებობა მის შეჩერებამდე, პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დღის წესრიგში ​კარტოგრაფების საქმე არ განიხილება. მანვე აღნიშნა, რომ კონკრეტული პირების პატიმრობაში ყოფნისა და გათავისუფლების საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების საგანი ვერ გახდება.


close დახურვა