logo
ENG



მშვენიერაძე: პარალელური დათვლა მოსყიდვას, დაშინებასა და კარუსელს ვერ გამოავლენდა

12 დეკ 202016:29
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/12/gpgieep3zuhr58y.png

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი Facebook გვერდზე ISFED-ის მიერ პარალელური დათვლის შედეგების ჩასწორებას ეხმაურება და წერს, რომ პარალელური დათვლა (PVT) ამომრჩეველთა მოსყიდვას, დაშინებას, კარუსელსა და ოქმების შემდეგ გადაკეთებას ვერ გამოავლენდა.

"მეც ვიტყვი ორიოდე სიტყვას ISFED-სა და ხმის პარალელურ დათვლაზე.

PVT ასახავს საარჩევნო უბანზე არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების მონაცემებს და სპეციალური მეთოდოლოგიის შედეგად ითვლის, მსგავს შედეგებზე დაფუძნებით ქვეყნის დაახლოებით ჯამურ მონაცემს. PVT ვერ ავლენს ამომრჩეველთა მოსყიდვას, დაშინებას, კარუსელს, ოქმების შემდეგ გადაკეთებასა და ათას მავნებლობას, რამაც ბოლო არჩევნები ყველაზე ცუდ არჩევნებად აქცია ქართული ოცნების მმართველობის 8 წლიან პერიოდში.

ეს უკანასკნელი კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარ განცხადებაში სამართლიანმა არჩევნებმა, რომელიც სამართლიანობისთვის ბრძოლაში მთელი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი მოკავშირე იყო და იქნება.

დიახ, ადამიანებს შესაძლოა მოუვიდეთ შეცდომები, რომლებსაც მძიმე შედეგები მოყვება. ალბათ, ეს შეცდომა დაღს არამარტო ISFED-ს, არამედ მთელ NGO სექტორს დაგვასვამს. თუმცა, მე მირჩევნია იმ ორგანიზაციის პარტნიორი ვიყო, რომელსაც საკუთარი შეცდომის აღიარება, მასზე პასუხისმგებლობის აღება და საზოგადოების სამართლიანი რისხვის მიღება შეუძლია, ვიდრე ისეთის, რომელიც ამ შეცდომას მიჩქმალავდა და სიმართლეს საზოგადოებას დაუმალავდა",-წერს მშვენიერაძე.

მშვენიერაძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ ორგანიზაციის შეცდომის შესახებ მიყურადებით შეიტყო.

მისი თქმით, მმართველ გუნდს იმედი ჰქონდა, რომ ISFED შეცდომას ღიად არ იტყოდა და ოპოზიცია უბნების გადათვლას დასთანხმდებოდა.

"ცალკე საკითხია, შიდა აუდიტის დასრულებამდე, ხელისუფლებამ საიდან შეიტყო ფორმულის შეცდომის შესახებ. მე ეჭვი მაქვს რომ მიყურადებით და სწორედ ამ ინფორმაციის შემდეგ შეცვალა სამოქმედო სტრატეგია. გადაავლეთ თვალი ბოლო 4 კვირის ქრონიკებს, განცხადებებს, ხელისუფლების მიდგომების ტრანსფორმაციას და ყველაფერი უფრო ცხადი იქნება.

ხელისუფლებას შესაძლოა იმედი ქონდა, სამართლიანი არჩევნები ამ შეცდომის შესახებ ღიად არ იტყოდა (როგორც თავად მოიქცეოდა) , ოპოზიცია იმ უბნების გადათვლას დათანხმდებოდა, რომელზეც ბატონი კობახიძე საუბრობდა და როცა აცდენა სამართლიან არჩევნებს დაუდასტურდებოდა, საბოლოოდ მოკლავდა არჩევნების გაყალბებაზე საუბარს",-წერს მშვენიერაძე.

სამართლიანმა არჩევნებმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია 11 დეკემბერს გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებულ საბოლოო შედეგებით კი ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველთა ხმების 48,22% მიიღო.  

ISFED-ის მიერ PVT დათვლის შეცვლილი შედეგების გამოქვეყნებამდე ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებზე (ISFED) ხელისუფლება ახდენს ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებს გადახედონ და ის ქართული ოცნების სასარგებლოდ შეცვალონ.

ამ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაადასტურა, თუმცა, მისი მტკიცებით, შეხვედრაზე, "2-3 კვირის წინ შედგა", მმართველი გუნდის წარმომადგენლები პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით დაინტერესდნენ.

დღეს, 12 დეკემბერს, ტვ პირველის ეთერში ISFED-ის თავმჯდომარემ, ელენე ნიჟარაძემ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ქართულმა ოცნებამ ორგანიზაციის შეცდომის შესახებ ინფორმაცია ფარული მიყურადებით მიიღო. მისივე თქმით, მმართველი გუნდი PVT-ის შედეგებით მანიპულირებს, ვინაიდან 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პრობლემა ე.წ კარუსელები და დისბალანსია, რომელიც უბნების 8%-ში გამოვლინდა. 

სამართლიანი არჩევნების 1-ლ ნოემბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, უბნების 8%-ში გამოვლენილი დისბალანსის შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. 


close დახურვა