logo
ENG



მშვილდაძეზე ორგანიზებული თავდასხმის ფიგურანტი სუს-ის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა

05 ივლ 202315:09
3 წუთის საკითხავი
clock 5121

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე ორგანიზებული თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა.

ფორმულამ გაარკვია, რომ მუმლაძე დაბადებულია 1998 წელს, მუშაობდა შსს-ში, რამდენიმე თვეა რაც სუს-ის ქალაქის სამმართველოს გამომძიებლად გადაიყვანა  ლევან ახობაძემ, რომელიც 2022 წლიდან სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

ამასთან, ფორმულას ინფორმაციითვე, ლევან ახობაძე გიორგი მუმლაძის ნათლიაა.

რაც შეეხება მუმლაძის მამას, ზურაბ მუმლაძეს, ის 2017-2018 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ფორმულას ინფორმაციით, 2018 წლის შემდეგ, სავარაუდოდ, 2020 ან 2021 წელს ზურაბ მუმლაძე გადავიდა სუს-ში.

თავდასხმაში მონაწილე კიდევ ერთი კაცი, რომელიც კადრებშიც ჩანს, რომ გიორგი მუმლაძესთან ერთად გადაადგილდება, სუს-ის თანამშრომელია.

გარდა ამისა, ფორმულას წყაროს ცნობით, თავდასხმაში მონაწილე სამივე მანქანა  რომელიც თავდასხმაში მონაწილეობს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტს ეკუთვნის.

ფორმულას გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა ხაშურში, სადაც გიორგი და ზურა მუმლაძეები ცხოვრობენ. ადგილობრივებმა გიორგი მუმლაძე თავდასხმის შემდეგ ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდანვე ამოიცნეს და დაადასტურეს, რომ ის სუს-ში მუშაობს.

ადგილობრივები ასევე ამბობენ, რომ გიორგი მუმლაძე საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. აღსანიშნავია, მუმლაძე ახლა თბილისში, გლდანში ცხოვრობს. გლდანში ცხოვრობს მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ნიკოლოზ გუგეშაშვილიც.

ფორმულა ხაშურში, ზურაბ მუმლაძის სამსახურშიც იმყოფებოდა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რომელიც პოლიციის შენობაში მდებარეობს.

პოლიციის შენობაში მყოფმა პოლიციელმა ჟურნალისტი გვერდით შენობაში გადაამისამართა და თქვა, რომ იქ მუშაობს ზურა მუმლაძე. გვერდით შენობაში მყოფმა ადამიანებმა კი ფორმულას გადამღებ ჯგუფს უთხრეს, რომ კონტრდაზვერვის თანამშრომლები არიან და იცნობენ ზურაბ მუმლაძეს, თუმცა არ იციან, სად მუშაობს.

"ჩვენ რა ვიცით ბატონი ზურა, სად არის... რომც ვიცოდე გეტყოდი რომ...დღეს არ მინახავს. ვინ არ იცნობს, ხაშურელია, შეიძლება თქვენც იცნობთ. არ მინახავს, დღეს მოვედი პირველად, სამი თვე ვიყავი მივლინებაში. არ ვიცი [სად მუშაობს]"- ამბობს კონტრდაზვერვის თანამშრომელი.

 

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

28 ივნისს სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ გუშინ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა.

გუგეშაშვილის თქმით, თავდასხმის მიზეზი ისაა, რომ მშვილდაძე "ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს"

ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. 

თავდასხმა მშვილდაძემ დეტალურად გადაცემაში პოლიტმეტრი გაიხსენა. 

ფორმულას მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე 4 ადამიანი, ცალცალკე მიდის იმ ტერიტორიისკენ სადაც თავდასხმა მოხდა. მათგან ორი კარფურისკენ აგრძელებს სვლას 2 კი იქვე, ბუჩქებთან ჩერდება. ამ 4 ადამიანიდან ერთ-ერთი ნიკოლოზ გუგეშაშვილია, რომელმაც მოგვიანებით Facebook-პოსტით აღიარა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა.

ეს შემთხვევა ჰგავს ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას, როცა ასევე სოციალურ ქსელში კონკრეტულმა ადამიანმა, სოსო მაისურაძემ მსგავსი შინაარსის და სტრუქტურის აღიარებითი პოსტი დაწერა და ოპოზიციონერზე თავდასხმა რელიგიისა და პატრიარქის დაცვის მოტივით გაამართლა. 

ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ ფორმულას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმა სუს-ის შიდა ქართლის სამმართველოში დაიგეგმა.

წყაროს ცნობით, სუს-ის მონაწილეობით შექმნილი სცენარის მიხედვით, შეირჩა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე თავდამსხმელი, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას აიღებდა.

 

 

 

 

 


close დახურვა