ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა საჯაროდ მიმართა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის გამოძიებაში ჩართულ უწყებებს და დაასახელა ყველა ის აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას.
მარიკაშვილმა ასევე ისაუბრა საგამოძიებო უწყებების მხრიდან ხარვეზებზე და ამ პროცესში მშვილდაძის უფლებების დარღვევებზე.
მარიკაშვილმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ გენერალური პროკურორის სახელზე შეიტანეს განცხადება და ორგანიზებულ თავდასხმაში სუს-ის თანამშრომლების შესაძლო დანაშაულის გამოძიება მოითხოვეს, თუმცა უწყებას ამაზე ამ დრომდე რეაგირება არ ჰქონია.
ამასთან, დაზარალებულის ადვოკატი საქმის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებიდან ამოღებასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურისთვის გადაცემას ითხოვენ.
"დღეს უკვე გაგზავნილია გენერალური პროკურორის სახელზე დამატებითი განცხადება, რომლითაც ვითხოვთ, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ამოიღონ ეს საქმე შსს-ს წარმოებიდან და დაუყოვნებლივ გადასცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმიტომ, რომ ეს დანაშაული ფაქტობრივად მანდატის ფარგლებში წარმოადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების ობიექტს.
დამატებით, ასევე ამ განცხადებაში მოთხოვნილი და მითითებულია, რომ საპროცესო ზედამხედველობის ფარგლებში, საქმის გადაცემის შემდგომ პროკურატურამ დაავალოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ყველა პირისა და ავტომობილის იდენტიფიცირება, მათი მძღოლების იდენტიფიცირება. შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეო კამერებიდან ჩანაწერების ამოღება და ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ხელს შეუწყობს დანაშაულის სრულად გამოძიებას, მათ შორის გამოკვეთს და პასუხისგებაში მისცემს ორგანიზებულ დანაშაულში სუს-ის თუ სხვა პირების ჩართულობას"- თქვა მარიკაშვილმა.
ადვოკატის თქმით, გაგზავნილ განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ თუ პროკურატურა არ გადასცემს საგამოძიებო სამსახურს ამ საქმეს, თავად საგამოძიებო სამსახურმა დაიწყოს გამოძიება ამ საქმეზე და დანაშაულში სუს-ისა თუ სხვა პირების შესაძლო მონაწილეობის საკითხზე.
გარდა ამისა, მარიკაშვილმა ისაუბრა იმაზეც, რომ დაზარალებულს საქმის შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა საქმის მასალებზე წვდომას არ აძლევს.
"ჩვენ რამდენიმე დღეა ველოდებით შსს-სგან და პროკურატურისგან არსებული საგამოძიებო მასალების გაცნობას, ეს განცხადება დარეგისტრირებულია რამდენადმე დღის წინ. 48საათიანი ვადის მიუხედავად, გამოძიებას ჩვენთვის პასუხი არ გაუცია, აპირებს თუ არა, გაგვაცნოს საქმის მასალები და გადმოგვცეს მათი ასლები. ეს არის დაზარალებულის უფლება.
გამომდინარე იქიდან, რომ გავიდა 48 საათი, ჩვენ დამატებით მივმართეთ თბილისის პროკურორს საჩივრით, რომ მისი ქვემდგომი პროკურორის უმოქმედობით უარი მასალების გაცნობასა და გადმოცემაზე შეისწავლოს, ცნოს უკანონოდ და დაავალოს მას მასალების გადმოცემა"- თქვა მარიკაშვილმა.
მან ასევე მიმართა სახალხო დამცველს და მოუწოდა, გამოიყენოს საგამონაკლისო უფლებამოსილება და მიმდინარე საქმის ფარგლებში გამოითხოვოს, გაეცნოს მასალებს და შეისწავლოს ამ საქმეში მიშა მშვილდაძის უფლებების დარღვევის საკითხი.
"ასევე მას შეუძლია, მიმართოს პროკურატურას, რომ საქმე გადასცენ შესაბამის უწყებას, ამ შემთხვევაში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომლის გამოძიების მანდატსაც წარმოადგენს ამ დანაშაულის გამოძიება"- აღნიშნა მარიკაშვილმა და დაამატა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მოქმედებები უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლოვ, რადგან დრო გადის და შესაძლებელია მტკიცებულებები განადგურდეს, რაც ხელს შეუშლის გამოძიების პროცესს.
ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე ორგანიზებული თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა.
ფორმულამ გაარკვია, რომ მუმლაძე დაბადებულია 1998 წელს, მუშაობდა შსს-ში, რამდენიმე თვეა რაც სუს-ის ქალაქის სამმართველოს გამომძიებლად გადაიყვანა ლევან ახობაძემ, რომელიც 2022 წლიდან სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
28 ივნისს სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ გუშინ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა.
გუგეშაშვილის თქმით, თავდასხმის მიზეზი ისაა, რომ მშვილდაძე "ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს".
ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.
29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.
თავდასხმა მშვილდაძემ დეტალურად გადაცემაში პოლიტმეტრი გაიხსენა.
ეს შემთხვევა ჰგავს ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას, როცა ასევე სოციალურ ქსელში კონკრეტულმა ადამიანმა, სოსო მაისურაძემ მსგავსი შინაარსის და სტრუქტურის აღიარებითი პოსტი დაწერა და ოპოზიციონერზე თავდასხმა რელიგიისა და პატრიარქის დაცვის მოტივით გაამართლა.
ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ ფორმულას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმა სუს-ის შიდა ქართლის სამმართველოში დაიგეგმა.
წყაროს ცნობით, სუს-ის მონაწილეობით შექმნილი სცენარის მიხედვით, შეირჩა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე თავდამსხმელი, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას აიღებდა.