logo
ENG



მშვილდაძის თქმით, კარფურის ჩანაწერებიდან ჩანს, რომ თავდასხმა ორგანიზებული იყო

07 ივლ 202319:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/07/yrcjggmo1vg6yms.jpg

ფორმულას ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობა დატოვა. გამოკითხვის შემდეგ მშვილდაძემ განაცხადა, რომ მათ სავაჭრო ცენტრ კარფურიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერები აჩვენეს, რომელიც ამყარებს მათ ვერსიას ორგანიზებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

"კარფურის ჩანაწერებში ჩანს, რომ თავდამსხმელი, ვინც უშუალოდ ფიზიკურად ძალადობს, არის ერთი, გუგეშაშვილი, მაგრამ ის ოთხი რომ ერთად გვეგონა, ეს ეჭვი დადასტურდა იმიტომ, რომ დანარჩენი სამი სხვადასხვა ფორმით არის ჩართული. ის, რომ თითოეულს ამ ოთხიდან რაღაც ფუნქცია აქვს თავდასხმის მომენტში, ეს ამ კადრებში დასტურდება", - აღნიშნა მშვილდაძემ.

მისივე თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური 45 ობიექტიდან გეგმავს კამერების ჩანაწერების ამოღებას, მათ შორის საქართველოს ბანკიდან. როგორც მან აღნიშნა, სამსახურისთვის გადაცემულ მასალებში მხოლოდ კარფურის ჩანაწერებია.

ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ასევე ამბობს, რომ კადრები თავდასხმის კოორდინირებულობაზე მეტყველებს და სხვა ვერსიაში მუშაობისთვის "სივრცე აღარ დარჩა".

"რაც ჩანს ამ ჩანაწერებიდან ისაა, რომ ერთ-ერთი სიტყვიერ ურთიერთობაში შედის მიშასთან, მაგრამ მიშას კომუნიკაცია არ ესმის ყურსასმენების გამო. მეორეს აქვს ფუნქცია, რომ ეს ყველაფერი გადაიღოს და აფიქსირებს ტელეფონით ამ კომუნიკაციას. გუგეშაშვილთან ერთად მყოფი ქუდიანი პირი, გუგეშაშვილის მხრიდან ძალადობის დაწყების შემდეგ იწყებს ტელეფონით გადაღებას და უკან ბრუნდება", - განმარტა მარიკაშვილმა.

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმე შსს-ს წარმოებიდან ამოიღეს და გამოსაძიებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. 

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე ორგანიზებული თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა.

ფორმულამ გაარკვია, რომ მუმლაძე დაბადებულია 1998 წელს, მუშაობდა შსს-ში, რამდენიმე თვეა რაც სუს-ის ქალაქის სამმართველოს გამომძიებლად გადაიყვანა  ლევან ახობაძემ, რომელიც 2022 წლიდან სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

28 ივნისს სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ გუშინ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა.

გუგეშაშვილის თქმით, თავდასხმის მიზეზი ისაა, რომ მშვილდაძე "ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს"

ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. 

თავდასხმა მშვილდაძემ დეტალურად გადაცემაში პოლიტმეტრი გაიხსენა. 

ეს შემთხვევა ჰგავს ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას, როცა ასევე სოციალურ ქსელში კონკრეტულმა ადამიანმა, სოსო მაისურაძემ მსგავსი შინაარსის და სტრუქტურის აღიარებითი პოსტი დაწერა და ოპოზიციონერზე თავდასხმა რელიგიისა და პატრიარქის დაცვის მოტივით გაამართლა. 

ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ ფორმულას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმა სუს-ის შიდა ქართლის სამმართველოში დაიგეგმა.

წყაროს ცნობით, სუს-ის მონაწილეობით შექმნილი სცენარის მიხედვით, შეირჩა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე თავდამსხმელი, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას აიღებდა.


close დახურვა