ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივა დღეს, 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ წყვეტს რიონის ხეობის გადარჩენისთვის მოძრაობასთან კომუნიკაციას.
"მწვანე ალტერნატივა ნამახვან ჰესის აშენების წინააღმდეგი იყო ამ საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებამდე და გააგრძელებს ამ წინააღმდეგობას. ჩვენდა სამწუხაროდ, „რიონის ხეობის მცველებმა“, რომელთაც ამ წინააღმდეგობაში მოკავშირეებად განვიხილავდით, სრულიად მიუღებელი პოზიცია დააფიქსირეს პრაიდთან დაკავშირებით, ხოლო დღევანდელ, ადამიანის უფლებების შემლახავ აქციაში მონაწილეობით, დისკრედიტაცია გაუწიეს მთელ წინააღმდეგობის მოძრაობას. ამდენად, მწვანე ალტერნატივა წყვეტს რიონის ხეობის გადარჩენისთვის მოძრაობასთან კომუნიკაციას", - წერია განცხადებაში.
მწვანე ალტერნატივა გმობს საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს წახალისებით განვითარებულ მოვლენებს თბილისი პრაიდთან დაკავშირებით:
"მიგვაჩნია, რომ ორივემ დიდი წვლილი შეიტანა სიძულვილის გაღვივებაში, რაც დღეს, 5 ივლისს, ჟურნალისტებზე თავდასხმებით, მოძრაობების ოფისების დარბევით და პარლამენტის შენობაზე ევროსაბჭოს დროშის ჩამოხსნით დაგვირგვინდა".
დღეს, 5 ივლისის დილიდან ქუჩაში გამოსული მოძალადეები შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკურად უსწორდებიან მედიის წარმომადგენლებს. თავდასხმები პოლიციის უმოქმედობის ფონზე ხდებოდა.
ამ ძალადობრივ აქციაში მონაწილეობის მისაღებად ქუთაისიდან ჩამოვიდნენ "რიონის ხეობის მცველები", მათ შორის ვარლამ გოლეთიანი.
ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ერთერთი ორგანიზატორი, გოლეთიანი ამბობს, რომ ძალადობას ემიჯნება.
"პრაიდთან დაკავშირებით ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ აზრი, ის, რომ მიუღებელია ნებისმიერი ცხოვრების წესის პროპაგანდა და ამას მშვიდობიანი ფორმით ვაპროტესტებეთ. ნებისმიერი ტიპის ძალადობა, თუნდაც ლგბტ ადამიანებს მიმართ თუ მედიის მიმართ, ან საერთოდ ძალადობის ფენომენი ბუნებრივია არის მიუღებელი ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის. ჩვენც შესაბამისად ამ ყველაფერს ვემიჯნებით. უბრალოდ პრაიდის იდეას, როგორც არასწორ ფორმას, პროპაგანდას გარკვეული ცხოვრების წესისა, ვეწინააღმდეგებით", - თქვა გოლეთიანმა.
თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, მსვლელობა დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე დაწყებულიყო.
თუმცა, რუსთაველის გამზირზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენების გამო თბილისი პრაიდმა ღირსების მარში გადადო.
აშშ-ის და ევროკავშირის, ასევე სხვა დასავლური ქვეყნების საელჩოებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, უზრუნველყონ ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება ისე, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს.
თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მშვიდობიანი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება და არ აღკვეთა ძალადობა.
შედეგად, დაშავდა ათობით ჟურნალისტი. ზოგიერთმა მათგანმა მიიღო მძიმე დაზიანება, რამდენიმეს ოპერაციაც დასჭირდა. თუმცა, შსს-ს არავინ დაუკავებია.
თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, დღეს დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია.
მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას.