logo
ENG



ნავალნის დაღუპვის საქმეზე ევროკავშირმა რუსი დიპლომატი დაიბარა

21 თებ 202410:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/21/12lxe2imrjgqp5m.jpg

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაღუპვის გამო, ევროკავშირმა, რუსეთის წარმომადგენლობის საქმეთა დროებითი რწმუნებული, კირილ ლოგვინოვი დაიბარა. ინფორმაციას ამის შესახებ EU-ის დიპლომატიური სამსახური ავრცელებს.

ცნობილია, რომ ევროკავშირი ნავალნის გარდაცვალების საქმეზე მოსკოვისაგან მოითხოვს დაუშვას გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გამოძიება.

მაიკლ ზიბერტმა, ევროპის საგარეო მოქმედებების სამსახურის მაღალჩინოსანმა ლოგვინოვთან შეხვედრისას მოუწოდა რუსეთს, რომ გადაეცეს ნავალნის ცხედარი მის ოჯახს ყოველგვარი შეფერხებების გარეშე.

"ევროკავშირის მხარემ გამოხატა აღშფოთება რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო, რაზეც საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება პრეზიდენტ პუტინს და რუსეთის ხელისუფლებას", - ნათქვამია განცხადებაში.

***

16 თებერვალს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა

ნავალნი 47 წლის იყო.

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველოში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "გარდაცვალების მიზეზი დგინდება".

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.

დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.


close დახურვა