ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა ოპოზიცია-ხელისუფლების მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ გამოიკვეთა ნიშნები საარჩევნო რეფორმის კუთხით, მაგრამ ოპოზიციას ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სურს.
"ჩვენ შევთანხმდით ელჩებთან, რომ დეტალებზე ჯერჯერობით არ ვისაუბრებთ, რათა შედეგები მალე მივიღოთ. თითქოს უკეთესი ნიშნები გამოიკვეთა საარჩევნო რეფორმის ხაზით, მაგრამ ჩვენ საარჩევნო რეფორმა კი არა, ახალი პარლამენტის არჩევნები გვინდა. შესაბამისად, ამ მიზანს უნდა უკავშირდებოდეს ყველაფერი", - განაცხადა ნათელაშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიციის მიერ შემუშავებული დოკუმენტი არც ერთ პარტიას არ გაუსაჯაროებია. თუმცა, ის ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების III რაუნდი მიმდინარეობდა.
ისინი დღეს იმ 4-პუნქტიან გეგმას განიხილავდნენ, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა და რომლის ერთ-ერთი პუნქტიც რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაა.
4 დეკემბერს ოპოზიციამ ფასილიტატორ ელჩებს წერილობითი ფორმით წარუდგინა წინადადებები, რომელშიც საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. მათი თქმით, ეს დოკუმენტი არის ერთგვარი რუკა, რომელშიც კრიზისიდან გამოსვლის გზებზე არის ლაპარაკი.
წარდგენილ წინადადებებში, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლასთან და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, ერთ-ერთი პუნქტი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის დანიშვნასაც ეხება.
მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება.
რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ოპოზიცია ითხოვს, ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების ფასილიტატორები საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები არიან. აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში უკვე 2 შეხვედრა შედგა, თუმცა, უშედეგოდ.
თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება.