ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი თვითმკვლელობის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას არაჰუმანურად აფასებს და ამბობს, რომ ამგვარი დამოკიდებულება სახელმწიფოს პოლიტიკიდან და საერთაშორისო სტანდარტებიდან ამოვარდნილია.
მისი თქმით, სახელმწიფო ყოველწლიურად დიდ რესურსებს ხარჯავს სუიციდის პრევენციისთვის, მსგავსი განცხადებები კი ხელს შეუწყობს თვითმკვლელობის შემთხვევების მატებას.
"სახელმწიფოს პოლიტიკაც არის მიმართული იქითკენ, რომ იყოს დაცული ადამიანის სიცოცხლე. სახელმწიფო ყოველწლიურად ხარჯავს ძალიან დიდ რესურსს სუიციდის პრევენციისთვის. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადება ხელს შეუწყობს თვითმკვლელობებს და ეს არის ძალიან ცუდი, როცა სახელმწიფოს მმართველი პირები არ ითვალისწინებენ რეალურად იმ გავლენას, რომელიც მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ან გამოთქმულ მოსაზრებებს შეიძლება დაუკავშირდეს მომავალში. ეს რეალურად უფრო წაახალისებს მსგავს დანაშაულს", - ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ნანუაშვილი აცხადებს, რომ ზოგადად, პენიტენციურ სისტემაში სუიციდის რისკები მაღალია. პატიმრებს შორის თვითმკვლელობის შემთხვევები დანარჩენ საზოგადოებასთან შედარებით რაოდენობრივად 8-10-ჯერ მეტია. პატიმრები ისედაც საფრთხის ქვეშ არიან, პრემიერ მინისტრის მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადებით კი ხელისუფლება პასუხისმგებლობას თავად ირიდებს და კონკრეტულ პირს, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს აკისრებს.
"[სუიციდის] რისკები ისედაც მაღალია პენიტენციურ სისტემაში და იქ მყოფი ადამიანებისთვის ეს ზოგადად სერიოზული პრობლემაა. სახელმწიფოს პოლიტიკა როდესაც მიმართულია სუიციდის პრევენციისკენ, ასეთი განცხადებები შეიძლება ითქვას არის პირდაპირ მოწოდება, რომ სახელმწიფომ არანაირი პასუხისმგებლობა არ აიღოს კონკრეტულ შედეგებზე და მიმართულია სწორედ მიხეილ სააკაშვილის პერსონის წინააღმდეგ" - განაცხადა ყოფილმა ომბუდსმენმა, უჩა ნანუაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 29-ე დღეა შიმშილობს. როგორც ადვოკატები ამბობენ, ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება.
დღეს ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთავრობის მიერ დანიშნულ კონსილიუმთან თანამშრომლობასა და მედიკამენტების მიღებას წყვეტს.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის მთავრობამ სამედიცინო კონსილიუმი შექმნა, რომელმაც საჭიროების შემთხვევაში მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.
იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ სააკაშვილს მხოლოდ მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ცენტრში გადაიყვანენ, რასაც არ ეთანხმებიან ადვოკატები. მათი თქმით, გლდანის ციხეში არაა შესაბამისი პირობები, რომ მოშიმშილე ადამიანს უმკურნალონ, ამასთან, არსებობს უსაფრთხოების რისკებიც.
სახალხო დამცველი ასევე აცხადებს, რომ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ცენტრი რეკომენდაციებს არ შეესაბამება.
28 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობა "დადგმული აქვს". ამასთან, სამოქალაქო კლინიკაში ისინი ვერ შეძლებენ უსაფრთხოების დაცვას.