logo
ENG



ნატა ფერაძე ნინოწმინდის პანსიონის პერფორმანსის გამო გარემოს დაბინძურებაზე დააჯარიმეს

11 ივნ 202118:00
3 წუთის საკითხავი
 
ნატა ფერაძე ნინოწმინდის პანსიონის პერფორმანსის გამო გარემოს დაბინძურებაზე დააჯარიმეს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ნატა ფერაძე ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამართული პერფორმანსის დროს გარემოს დაბუნძურებისთვის დააჯარიმეს.

აქტივისტისტებმა პრეზიდენტის სასახლესთან ფურცლები წარწერით „რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?" მიმოფანტეს, რის შემდეგაც ნატა ფერაძეს გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმები გამოუწერეს.

პრეზიდენტის სასახლესთან მობილიზებულმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ნატა ფერაძე ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლით დააჯარიმეს, რაც 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებას გულისხმობს. ჯარიმის რაოდენობა 80 ლარია.

აქტივისტებმა მსგავსი პერფორმანსი პარლამენტშიც მოაწყვეს. მათ დეპუტატებს ფურცლები იმავე წარწერით „რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?" პლენარულ სხდომაზე გადმოაყარეს

პარლამენტში გამართულ პერფორმანსს ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყურადღების მიქცევის "იაფფასიანი მცდელობა" იყო. 

 

ნინოწმინდის პანსიონი საპატრიარქოს ექვემდებარება და მას სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი მართავს. სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს. 

პანსიონის ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს, გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში. 

პანსიონში შესვლის უფლებას ომბუდსმენს ამ დრომდე არ აძლევენ.

ნინოწმინდის პანსიონის გარშემო მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება გაერო - საერთაშორისო ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ გმობენ ნებისმიერ მცდელობას, რაც ხელს უშლის სახალხო დამცველის აპარატისა და ქვეყნის სხვა შესაბამისი უწყებების მხრიდან თავიანთი მოვალეობების შესრულებას. 

 


close დახურვა