logo
ENG



ნაყოფია მელიასთან შეხვედრის შემდეგ: მისი გათავისუფლების გარეშე დოკუმენტზე ხელს არ მოვაწერთ

20 აპრ 202117:07
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი კობა ნაყოფია ნიკა მელიასთან ციხეში შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ პოზიციები უცვლელია და ენმ მისი გათავისუფლების გარეშე შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებს. 

ნაყოფია აღნიშნავს, რომ ახლა პროკურატურის საქმეა გადაწყვიტოს, რა ფორმით გამოუშვან მელია, მისივე თქმით, გირაო არაა მათთვის მისაღები ფორმა. 

"ნიკა მელიამ ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დატოვოს საპყრობილე. გირაო არაა მისაღები ფორმა. კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, როგორ არ უნდა შევთანხმდეთ, თუ ნიკა მელია არ იქნება გარეთ. 

თუ ნიკა მელია არ იქნება თავისუფალი, ენმ არანაირ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. მარტივია, პროკურატურას ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია, ეს გააკეთოს, ჩვენი თავის სატკივარი არაა, თვითონ დაიჭირეს და თვითონ გაუშვას", - ამბობს ნაყოფია. 

დღესვე, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან ვიდეომიმართვით მოუწოდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს მას შემდეგ, რაც ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს "ყოველგვარი დამამცირებელი პირობის გარეშე". 

ვიდეომიმართვაში სააკაშვილმა თქვა, რომ "ის დოკუმენტი, რომელიც დაიდო, შეიცავს ძალიან ბევრ ხარვეზს და რა თქმა უნდა, ძალიან შორს არის იმისგან, ბოლომდე გადაწყვეტდა კრიზისს".

მაგრამ მისივე თქმით, დოკუმენტში არის 2 ძალიან მნიშვნელოვანი რამ:

"ჩვენი პარტიის გმირული თავმჯდომარე, ნიკა მელია უნდა გამოვიდეს საპატიმროდან, ისევე, როგორც გიორგი რურუა". 

გუშინ, ნიკა მელიას ფეისბუქპოსტით დააფიქსირა პოზიცია შარლ მიშელის დოკუმენტზე, რომ ის "გარიგებაში არ და ვერ შევა". 

ნიკა მელია თავის განცხადებაში აღნიშნავდა, რომ მისთვის მიუღებელია "მისი თავისუფლებით ვაჭრობა" და "შეწყალებული მოძალადე თანამდებობის პირები", რაშიც შეთანხმების ტექსტიდან, 20 ივნისის საქმეების ამნისტიას გულისხმობს. 

ამ გზით მოპოვებული "თავისუფლების" შედეგი რა იქნება - შეწყალებული მოძალადე თანამდებობის პირები და პოლიციელები და თან იმ ფონზე, რომ ქვეყნისთვის აუცილებელი პოლიტიკური მიზანი მიუღწეველია და კრიზისის რეალური დაძლევის გზა არ იკვეთება. მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ! ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა. ოცნებამ კარგად იცის, როგორ იკეტება ციხის კარი და ასევე მშვენივრად შეუძლია მისი გაღება", - წერს ნიკა მელია. 

დღის ბოლოს ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი გუშინ, 19 აპრილს მოაწერა.

მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს:

  • ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე];
  • სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე];
  • რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე];
  • გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი];
  • გირჩი - მეტი თავისუფლებამ [ზურაბ ჯაფარიძე];
  • მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა];

ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა და დავით ბაქრაძემ.

ხელისუფლების მხრიდან - პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა. 

დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.


close დახურვა