logo
ENG



ნაცვლიშვილი: გამობრძანდეს ოცნება და თქვას, საიდან ჰქონდათ ინფორმაცია ISFED-ის შიდა საკითხზე

13 დეკ 202012:59
3 წუთის საკითხავი
 

ლელოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მანამ, სანამ ქართული ოცნება არ გააკეთებს განმარტებას, საიდან ჰქონდა პარტიას ინფორმაცია სამართლიანი არჩევნების შეცდომაზე წინმსწრებად, მმართველი გუნდი "ეჭვმიტანილია ძალიან სერიოზულ და საჩოთირო ამბავში". 

"მთავარი კითხვის ნიშანი არის - საიდან გაიგო ქართულმა ოცნებამ სამართლიანი არჩევნების შიდა, დახურული ინფორმაციის შესახებ. სანამ ამ კითხვას პასუხი არ გაეცემა, ქართული ოცნება არის ეჭვმიტანილი ძალიან სერიოზულ და საჩოთირო ამბავში. ამიტომ გამობრძანდნენ ახლა და თავად განმარტონ, საიდან ჰქონდათ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციის შიდა საკითხებზე".- თქვა ანა ნაცვლიშვილმა. 

საქმე ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების მიერ არჩევნების შედეგების პარალელურ დათვლას ეხება, რომელიც არჩევნებიდან თვენახევრის შემდეგ ქართული ოცნების სასარგებლოდ შეიცვალა. 

სამართლიანმა არჩევნებმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია 11 დეკემბერს გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებულ საბოლოო შედეგებით კი ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველთა ხმების 48,22% მიიღო.  

ISFED-ის მიერ PVT დათვლის შეცვლილი შედეგების გამოქვეყნებამდე ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებზე (ISFED) ხელისუფლება ახდენს ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებს გადახედონ და ის ქართული ოცნების სასარგებლოდ შეცვალონ.

ამ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაადასტურა, თუმცა, მისი მტკიცებით, შეხვედრაზე, "2-3 კვირის წინ შედგა", მმართველი გუნდის წარმომადგენლები პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით დაინტერესდნენ. 

12 დეკემბერს, ტვ პირველის ეთერში ISFED-ის თავმჯდომარემ, ელენე ნიჟარაძემ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ქართულმა ოცნებამ ორგანიზაციის შეცდომის შესახებ ინფორმაცია ფარული მიყურადებით მიიღო. მისივე თქმით, მმართველი გუნდი PVT-ის შედეგებით მანიპულირებს, ვინაიდან 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პრობლემა ე.წ კარუსელები და დისბალანსია, რომელიც უბნების 8%-ში გამოვლინდა. 

სამართლიანი არჩევნების 1-ლ ნოემბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, უბნების 8%-ში გამოვლენილი დისბალანსის შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. 


close დახურვა