ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა.
არჩევნებში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ნონა მამულაშვილი - 3,73%, ნიკა მელია - 40%, გიორგი მუმლაძე - 3.68%, ლევან ხაბეიშვილი - 52,58%
პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის კობა ნაყოფიას თქმით, არჩევნების მეორე ტური არ გაიმართება.
პარტიაში არჩევნები 28-29 იანვარს მიმდინარეობდა. რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონულად, ე.წ ბლოკჩეინის სისტემის გამოყენებით განხორციელდა.
დილის 9 საათის მონაცემებით, არჩევნების პროცესში მონაწილეობა 42 ათასამდე ადამიანმა მიიღო.
9 ნოემბერს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შიდა პარტიული არჩევნები, მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევა მოითხოვეს. იმავე დღეს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ არჩევნებში მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე თანაგუნდელებმა "ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს".
საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. 16 ნოემბერს მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ლევან ხაბეიშვილმაც და გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნას შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. მოგვიანებით ჩალაძემ კანდიდატურა მოხსნა. 12 დეკემბერს საკუთარი კანდიდატურა დააყენა ნონა მამულაშვილმაც.