logo
ENG



ნაციონალურმა მოძრაობამ წერეთლის რეაბილიტაციის პროცესის გამოსაძიებლად პროკურატურას მიმართა

18 იან 202412:40
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალურმა მოძრაობამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. პარტიის წევრებმა დღეს საგამოძიებო უწყებაში წერილი მიიტანეს. ისინი დედაქალაქის მერს კახა კალაძეს კორუფციაში ადანაშაულებენ.

"კახი კალაძის კორუფციული სქემები არის სისხლის სამართლის დანაშაული. როდესაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იწყებოდა, მან გარდაბნის ქართული ოცნების საკრებულოს წევრის მამას გაუფორმა ათეულობით მილიონიანი ლარის კონტრაქტი და დღეს ეს თანხა უბრალოდ მიითვისეს, მოიპარეს და გაძარცვეს. ეს თანხების მოპარვა რომ არ ეყო კახი კალაძეს, უკვე დღეს ახალი კორუფციული სქემა შეიმუშავა და ქართული ოცნების შემომწირველებს და ბერა ივანიშვილის მეგობარს გაუფორმა პირდაპირი წესით 17 მილიონიანი ხელშეკრულება და ეს ყველაფერი არის სისხლის სამართლის დანაშაული, ეს ყველაფერი არის კორუფცია და თუ რუსული ოცნების ფარცხალაძე არ გამოიძიებს საქართველოს პროკურატურაში აღნიშნულ დანაშაულს, მაშინ ქართველი ხალხი აუცილებლად იპოვის სამართალს, რადგან მათ დანაშაულს არც ერთი დღე აქვს ხანდაზმულობა, არც ორი და აუცილებლად სამართალი და სამართლიანობა მიაკითხავს ყველას", - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის იურისტმა ლაშა ტყეშელაძემ.

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა კახა კალაძეს მოუწოდა, რომ უახლოეს დღეებში მივიდეს საკრებულოში, დაესწროს სხდომას და გასცეს პასუხები კითხვებს, რომლებიც წერეთლის რეაბილიტაციის გარდა, დედაქალაქში სხვა სივრცეების რეაბილიტაციასაც შეეხება.

"ჩვენ მივმართავთ თბილისის მერს, კახა კალაძეს, რომელიც იქცა კორუფციის სიმბოლოდ ამ ქვეყანაში. გამოცხადდეს საკრებულოს, უახლოეს დღეებში იმართება საკრებულოს სხდომა, და ამ სხდომაზე მოვიდეს, ვისთან ერთადაც უნდა, თუნდაც თავის ზონდერებთან ერთად და პასუხი გასცეს მთავარ შეკითხვებს, რაც აქვს არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის გუნდს, არამედ რიგით თბილისელებს, რადგან ჩვენ ვნახეთ ყველა მასშტაბური პროექტი, რომელიც ვადებში ვერ შესრულდა, რომელიც ჩატარდა კორუფციული სკანდალების, ადამიანების მსხვერპლის ფონზე და ეს არის კორუფციით სავსე ქალაქი. ამიტომაც მივმართავთ ჩვენ კორუფციით სავსე ქალაქის შემოქმედ კახი კალაძეს, კეთილი ინებეთ, მობრძანდით სხდომაზე და პასუხი გაეცით არა მხოლოდ წერეთლის რეაბილიტაციაზე, ყველა იმ დანაშაულზე და კორუფციაზე, რომლითაც თქვენი მმართველობა არის ცნობილი ამ ქალაქში", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მერიამ წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი შეუწყვიტა. საქმე ეხება ორ კონტრაქტორ კომპანიას - შპს ერ ტე დეს და შპს მილენიუმ ბილდერს გრუპს.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ინსპექტირებისას დაფიქსირდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა და კომპანიების მიერ ობიექტზე სამუშაოების შეფერხებით შესრულება.

მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის წერილი 15 იანვრითაა დათარიღებული და ნათქვამია, რომ "დღეის მდგომარეობით სამუშაოები ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის".

ამასთან, მერიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ როგორც "თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის წერილებით ირკვევა, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობს უხარისხოდ პროექტთან შეუსაბამოდ".

თბილისის მერიაში ირწმუნებიან, რომ წერეთელზე საავტომობილო მოძრაობა "დათქმულ ვადაში" გაიხსნება.


close დახურვა