სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრი, ნევროლოგი თენგიზ წულაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია.
კონსილიუმის წევრმა ექიმებმა ექსპრეზიდენტი 16 ნოემბრის საღამოს მოინახულეს, დღეს, 17 ნოემბერს კი თბილისში მარიოტში ომბუდსმენს ხვდებიან. შეხვედრის დაწყებამდე თენგიზ წულაძემ თქვა, რომ სააკაშვილის ანალიზები კრიტიკულ ზღვარზეა.
"ანალიზები კრიტიკულ ზღვარზეა, ზოგჯერ ნორმალიზდება, მაგრამ ზოგჯერ ისევ კრიტიკულ ზღვაზე გადადის, ცდილობენ კორექტირებას, მაგრამ ეს ძალიან რთული თემაა და მე ვფიქრობ, შეუძლებელია არსებულ გარემოში ამის გაკეთება, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც-რაღაცები გამოსწორებულია თითქოს იქ და ჩატარებულია ღონისძიებები, რომ გაუმჯობესდეს იქ მომსახურება.
მაგრამ, ჩემი აზრით, იქ მულტიპროფილური გუნდი საკმარისად არ არის. ასეთი რთული პაციენტის მართვა კარგად შეთამაშებულ და კარგად განვითარებულ კლინიკებსაც უჭირთ, ეს არ არის ადვილი. ნამდვილად რთულია. ამიტომ გვერთულება ჩვენ და ამიტომ გვინდა ადამიანს, პაციენტს, როგორც ექიმები, სწორად მოვემსახუროთ და შევეცადოთ, რომ მისთვის უკეთეს გარემოში იქნას გადაყვანილი" - თქვა თენგიზ წულაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ემუქრება თუ არა საფრთხე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს, ექიმმა თქვა:
„დიახ, პაციენტის სიცოცხლე, ჩემი აზრით, საფრთხეშია. შიმშილობა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა შიმშილობა, როგორც წესი, ყველა ადამიანი შიმშილობას რომ დაიწყებს, ის მაღალი რისკის მატარებელია და ეს სიცოცხლისთვის საშიშია, ამიტომ უნდა იყოს ის კარგად აღჭურვილ კლინიკაში, სადაც მულტიპროფილური გუნდი სწორად მუშაობს, დროულად და ადეკვატურად იღებს გადაწყვეტილებებს". - ამბობს ნევროლოგი თენგიზ წულაძე.
***
ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა.
ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. იმისთვის, რომ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს, საჭიროა მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, ვინაიდან შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია რთული პროცესია, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს და ამტკიცებს, რომ გლდანის ციხის კლინიკაში მკურნალობისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი.
ექიმები და სახალხო დამცველი ამბობენ, რომ გლდანის მე-18 ციხის დაწესებულება არ არის სათანადოდ აღჭურვილი. ამასთან, თავად პენიტენციური სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოს ჩათვლით, სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში 585 პატიმარი გადაიყვანეს.
რამდენიმე დღეა, ციხის საავადმყოფოში შესვლას ვერ ახერხებს სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე. პაციენტის გასასინჯად არ ყოფილა არც მთავრობის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმი.
16 ნოემბერს სახალხო დამცველმა ექსპერტთა ჯგუფი შექმნა, რომელმაც სააკაშვილი ციხეში უკვე მოინახულა. როგორც ჯგუფის ერთ-ერთმა ექიმმა განაცხადა, მე-18 დაწესებულება კარგად აღჭურვილია, თუმცა სააკაშვილისნაირი პაციენტის იქ მკურნალობა მიზანშეწონილი არაა.