logo
ENG



ნეთანიაჰუ: მძევლების გათავისუფლებაზე არანაირი შეთანხმება არ არსებობს

19 ნოე 202312:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/19/19ec11240ypmqaw.jpg

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მძევლების გათავისუფლებაზე არანაირი შეთანხმება არ არსებობს.

"მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელი განიხილავს წინადადებას მინიმუმ 50 გატაცებულის გათავისუფლების შესახებ. როცა ხელისუფლებას რაიმე ექნება სათქმელი, ამის შესახებ მთავრობის წარმომადგენლები განაცხადებენ", - ამბობს ისრაელის პრემიერი.

პარასკევს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ სამხედროების ოფიციალური მონაცემებით, ღაზაში მძევლების რაოდენობა 237 ადამიანს შეადგენს. ამასთან, ნეთანიაჰუს თქმით, ის მომდევნო კვირის ბოლოს მძევლების ოჯახებთან შეხვედრას გამართავს.

7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰამასის მებრძოლებმა მძევლები აიყვანეს და ღაზის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მათ შორის არიან როგორც ისრაელის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მძევლებს შორის არიან ბავშვები და მოხუცები. 

***

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა