ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მშვიდობიან მოსახლეობას ღაზის სამხრეთ ნაწილში გადასვლისკენ მოუწოდებს.
"ჩვენ ოპერაციის ცენტრში ვიმყოფებით. ძალიან შთამბეჭდავი გამარჯვებები გვაქვს. ჩვენ ვართ ღაზის გარეუბანში და კიდევ უფრო შორს, ვიდრე მხოლოდ ქალაქის გარეუბანში. ჩვენ წინ მივდივართ. ჩვენ გვაქვს მსხვერპლიც, ძალიან მტკივენეული მსხვერპლი.
ერთი რამ მინდა გადმოგცეთ - ვერაფერი შეგვაჩერებს. გაემგზავრეთ სამხრეთით, იმიტომ, რომ ჩვენ არ შევწყვეტთ ჩვენს ოპერაციას ჰამასის ტერორისტების გასანადგურებლად. ჩვენ გავაგრძელებთ და გავიმარჯვებთ", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.