logo
ENG



ნიკა მელია: ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია ევროპარლამენტარების თავდებობა

24 აპრ 202122:13
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მისთვის ევროპარლამენტარების თავდებობა მისაღებია. შესაბამისი განცხადება მელიამ მთავარ არხთან ინტერვიუში გააკეთა. 

"ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია ევროპარლამენტარების თავდებობა და არის ეს ჩემთვის კომიკური, როცა ვისმენ ქართული ოცნების კომენტარებს, რომ ეს შეთანხმებაში არ არისო გათვალისწინებულიო. მაპატიეთ და შეთანხმებაში ის არის გათვალისწინებული, რომ გამოსასყიდი უნდა ჩამრიცხვოდა? აბა
წაიკითხონ კარგად, შეთანხმებაში ეს არ წერია.

ერთი სიტყვით, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ახლა ნაცვლად იმისა რომ კრიზისი დაიძლიოს, კრიზისი არ გავაღრმავოთ და მერწმუნეთ, კრიზისი მნიშვნელოვნად გაღრმავდება ქვეყანაში, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, თუკი ამნისტიის კანონი თუნდაც ერთ მოძალადე პოლიციელზე გავრცელდება, ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული და მათთვის ვინც ჩემთან მიმართებით დარდობს და ამბობს, რომ ეს რაიმე სახით მე დამაკნინებს, მე ეს ვერანაირად ვერ დამაკნინებს", - განაცხადა ნიკა მელიამ. 

შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება. 

20 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შარლ მიშელთან ვახშმის შემდეგ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ 27 აპრილს, როცა პარლამენტში ამნისტიის კანონის რეგისტრაცია მოხდება, სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს. 

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც.

მელიას გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს. 

ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმა და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები. 

ასევე, საია-მ, რომელიც პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, ახლა მიმართავს მათ, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება. 

ლელოს ლიდერები ევროპარლამენტარებს სთავაზობენ, რომ ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ევროპარლამენატრები მზად არიან ჩაერთონ ლელოს ინიციატივაში და თავდებში ჩაუდგენენ ნიკა მელიას. 

ლელოს ინიციატივას ენმ-ის ყოფილი წევრი, სალომე სამადაშვილიც შეუერთდა.


close დახურვა