აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა ნიკი ჰეილიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ საარჩევნო მარათონს ეთიშება.
"კამპანიის შეჩერების დრო დადგა. ვთქვი, რომ მინდოდა, ამერიკელების ხმა გაეგონათ. ეს გავაკეთე. არაფერს ვნანობ", - განაცხადა მან სამხრეთ კაროლინაში.
"მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატი აღარ ვიქნები, არ შევწყვეტ იმაზე საუბარს, რისიც მჯერა".
ნიკი ჰეილიმ გამარჯვება მიულოცა ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, თუმცა მის მხარდაჭერაზე არაფერი თქვა.
"დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატად დასახელდება, როდესაც ჩვენი პარტია ივლისში შეიკრიბება. ვულოცავ და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. წარმატებას ვუსურვებ ნებისმიერს, ვინც ამერიკის პრეზიდენტი გახდება. ჩვენი ქვეყანა ზედმეტად ძვირფასია იმისათვის, რომ ჩვენს აზრთა სხვადასხვაობას ჩვენი დაყოფის საშუალება მივცეთ", - აღნიშნა ჰეილიმ.
სამხრეთ კაროლინას ყოფილმა გუბერნატორმა კამპანიის შეჩერება ე.წ. სუპერ სამშაბათის შემდეგ გადაწყვიტა.
აშშ-ში სუპერ სამშბათი შიდაპარტიული არჩევნების ყველაზე აქტიური დღეა. ამერიკელები 15 შტატში და ამერიკულ სამოაში ერთდროულად იღებენ მონაწილეობას პრაიმერიზში და არჩევენ დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატებს. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების უმეტესობა დათვლილია.
რესპუბლიკურ პარტიაში ნიკი ჰეილი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთადერთი მსხვილი კონკურენტი იყო. ე.წ. სუპერ სამშაბათის პრაიმერიზში ტრამპმა 15-დან 14 შტატში გაიმარჯვა, ჰეილიმ მას მხოლოდ ვერმონტში აჯობა.
ტრამპმა გაიმარჯვა: ალაბამაში, ალასკაში, არკანზასში, კალიფორნიაში, კოლორადოში, მეინიში, მასაჩუსეტში, მინესოტაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ოკლაჰომაში, ტენესიში, ტეხასში, იუტასა და ვირჯინიაში.
რაც შეეხება პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, დემოკრატიული პარტიის შიდაპარტიულ არჩევნებში მან გამარჯვება მოიპოვა 15-ვე შტატში, თუმცა დამარცხდა ამერიკულ სამოაში.