logo
ENG



ნინო გოგუაძე კუბილიუსის განცხადებაზე: დიდ შეცდომებს მოჰყვება დიდი კრიტიკა

19 თებ 202014:04
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები და ყოფილი უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ევროპა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ კარგადაა ინფორმირებული და „ქართული ოცნების“ ლიდერების არგუმენტები, რომ მათ ინფორმაცია არ აქვთ, მიუღებელია.

„როცა მცირე პროგრესიც იყო, შესაბამისი იყო განცხადებებიც და დიდი ენთუზიაზმით ვისმენდით ამ განცხადებებს. როცა არის დიდი შეცდომები, ამას მოჰყვება დიდი კრიტიკა. არასწორია, როცა ამბობენ, რომ თითქოს პარტნიორებს არ აქვთ ინფორმაცია. ეს სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინებაც არის", - აცხადებს ნინო გოგუაძე.

ადეკვატური რეაქციის გამოვლენისკენ მოუწოდებს ყოფილ თანაგუნდელებს დიმიტრი ცქიტიშვილიც. დამოუკიდებელი დეპუტატი აცხადებს, რომ მხოლოდ კომუნიკაციის არარსებობით კრიტიკის ახსნა გაუმართლებელია.

„შეშფოთება რაზეცაა, მნიშვნელოვანი საკითხებია და ხელისუფლებას აქვს რესურსი, გადადგას ნაბიჯები ამის მოსაგვარებლად. კრიტიკა არათუ მცირდება, არამედ იზრდება და ამას მხოლოდ კომუნიკაციის ბრალეულობით ვერ ავხსნით", - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

„ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრი, ზაზა ხუციშვილი კი ამბობს, რომ ხშირად თავადაც არ ეთანხმებოდა ევროპარლამენტარებს პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, თუმცა გიგი უგულავას საქმე განსხვავებულია და მთავრობას უნდა ჰქონდეს ადეკვატური რეაქცია.

„როცა რამდენიმე ევროპარლამენტარმა მერაბიშვილი მოიაზრა, როგორც პოლიტპატიმარი, მე არ დავეთანხმე. მაგრამ არჩევნების წინ რამდენიმე წლის წინანდელ საქმეზე რამდენად არის პოლიტიკური სარჩული, უნდა გაეცეს ადეკვატური პასუხები", - აცხადებს ზაზა ხუციშვილი.

შეგახსენებთ, რომ ანდრიუს კუბილიუსმა ქართულ არასამთავრობოებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ  შესაძლოა საქართველოსთან ურთიერთობის ფორმატი შეიცვალოს და გახდეს „ნაკლები ნაკლებისთვის".

 


close დახურვა