„მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის გამოკითხვა დასრულდა. მელაძის თქმით, პროკურატურამ მას ხელი მოაწერინა გაუთქმელობაზე, თუმცა, აღნიშნა, რომ საქმე ეხებოდა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას. მელაძის აზრით, გამოძიების მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა. „ნიკას დაჭერით „მთავარი“ არ გაითიშება და იქნება ეთერში. მე იმედი მაქვს, რომ ამ ხელისუფლებაში დარჩენილები არიან ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ, რას ნიშნავს ქვეყნისთვის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტელევიზიის არსებობა. როდესაც ერთ კარს კეტავ იმ მოტივით, რომ აღარ გაჟღერდეს ეთერში ხელისუფლების მიმართ კრიტიკული რეპორტაჟები და განცხადებები, გაიხსნება მეორე კარი“, - განაცხადა მელაძემ.
ამავე საქმეზე გამოკითხეს „რუსთავი 2“-ის ყოფილი იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი. ის ამ გამოძიებას ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთასა და „მთავარი არხის“ განეიტრალებას უკავშირებს. „კერძო კომპანიაში ამ საკითხებით რომ ინტერესდება პროკურატურა, რომელთანაც, წესით, არანაირი შეხება არ უნდა ჰქონდეს, ეს აჩენს ერთადერთი ეჭვის საფუძველს, რომ რეალურად პროკურატურა პოლიტიკური მოტივებით ხემძღვანელობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „მთავარი არხი“ განეიტრალდეს“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.
პროკურატურამ უკვე გამოკითხა ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორი ზურაბ გუმბარიძე, ამავე ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი.
გამოკითხვაზე „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ-ფაქტუმის“ წამყვანი გიორგი გაბუნიაც არის დაბარებული, რომელიც პროკურატურაში უწყებაში 7 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს.