logo
ENG



ნონიაშვილი გრიგორიადისზე: ოცნებამ ჩათვალა, რომ საზოგადოებაში მისი დემონიზება მარტივია

01 აპრ 202314:06
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ მიიჩნია, რომ საზოგადოების თვალში ლაზარე გრიგორიადისის "დემონიზება მარტივია. ნონიაშვილი ამას გაუმართლებელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ქართულ პოლიტიკაში რუსული წესებით თამაშია.

"ამ ბიჭის დემონიზება საზოგადოების თვალში ქართულმა ოცნებამ ჩათვალა, რომ მარტივია, რაც ჩემი აზრით, არის გაუმართლებელი და რუსული წესებით თამაში ქართულ პოლიტიკაში. მოლოტივის კოქტეილის სროლა არის ჩვეულებრივი დანაშაული, ოღონდ აქ მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონტექსტი, როდესაც ხელისუფლებას, მმართველ პარტიას აქვს მიტაცებული სახელმწიფო და ანტისახელმწიფოებრივად იქცევა, ამ დროს საზოგადოებრივი ვალი არის, რომ აჯანყდეს.

ირაკლი კობახიძე და სხვები რა განცხადებებს აკეთებდნენ? მოლოტივის კოქტეილზე საუბრობდნენ თუ ამ ადამიანის გაურკვეველ ორიენტაციაზე, თმის ფერზე და გარეგნობაზე? ეს არის მნიშვნელოვანი, სად წაიღო პოლიტიკური ისრები ქართულმა ოცნებამ", - განაცხადა მან.

31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.

შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.


close დახურვა