logo
ENG



ოკუპანტებმა ხარკივის ოლქის დასახლებებზე იერიშები მიიტანეს

18 იან 202410:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/18/ubq8le56dgfqbi3.jpg

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხარკივის ოლქის დასახლებებზე იერიშები მიიტანეს. ქალაქ ჩუჰოევის დაბომბვას 1 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანებულია სასწავლო დაწესებულება.

მოიერიშე დრონებით შეტევის გამო, საჰაერო განგაში რამდენიმეჯერ გამოცხადდა უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებშიც.

სუმის ოლქში საჰაერო თავდაცვამ მტრის 4 დრონი ჩამოაგდო. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ღამის განმავლობაში გაშვებული 33 დრონიდან 22-ის განადგურება შეძლეს.

დავოსიდან დაბრუნების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ანგარიში მოისმინა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მნიშვნელოვანია ბრძოლის ველზე ინიციატივა უკრაინის ხელში დარჩეს.

"შტაბის სხდომაზე ფრონტზე მიმდინარე მდგომარეობა განვიხილეთ. მოვისმინე ანგარიშები მეთაურებისგან სხვადასხვა მიმართულების შესახებ. განვიხილეთ ჩვენი ქმედებები მიმდინარე წელს, არა მხოლოდ თავდაცვის კუთხით. უკრაინას სჭირდება ამბიციური პერსპექტივა. ჩვენ გვინდა, რომ ინიციატივა ჩვენმა ქვეყანამ შეინარჩუნოს და არა მტერმა. ჩვენ გვინდა, რომ ომის დასრულება უკრაინის ქმედებებზე იყოს დამოკიდებული. მსოფლიო მხარს უჭერს მათ, ვისაც აქვს პერსპექტივა და ეს არის ფუნდამენტური ამოცანა, შევინარჩუნოთ ინიციატივა, რათა გავძლიერდეთ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


close დახურვა