„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოკუპირებულ რეგიონებში, კერძოდ კი ახალგორში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული წესები არ სრულდება და მათი დარღვევით იზრდება ინფექციის გავრცელების ალბათობა.
როგორც DRI-ის გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, წესები ირღვევა როგორც საკარანტინე სივრცედ მოწყობილ საავადმყოფოში, ისე ქალაქში გადაადგილებისა და სოციალური დისტანციის დარღვევის კუთხით.
„კარანტინში მოთავსებული პაციენტები, საავადმყოფოს შენობაში თავისუფლად გადაადგილდებიან და სისტემატიურად სარგებლობენ საერთო სველი წერტილით. ბოლო დროს, არაერთხელ დაფიქსიდა საკარანტინო სივრცეში მყოფი პაციენტების თვითნებურად, გარკვეული დროით, სივრცის დატოვების ფაქტი, რის გამოც კლინიკაში დაცვის დაყენება გახდა საჭირო.
დახურულ სუვრცეში, ისეთში როგორიც მაღაზია ან აფთიაქია, მომსახურე პერსონალს ეკრძალება მომხარებლებს პირბადის და ხელთათმანების გარეშე მომსახურება, თუმცა მოწოდებული ინფორმაციით წესი არც ამ შემთხვევაში სრულდება და კანონდარღვევაზე, არავინ რეაგირებს. რეგულაცია მოქმედებს რესტორნების და კაფე ბარების ფუნქციონირების შეჩერებაზე, თუმცა საზოგადოების პრივილეგირებული ნაწილი საღამოობით ხსენებულ აკრძალვას ხშირად არღვევს და სარგებლობს აღნიშნული სერვისით", - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 34 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საკარანტინე სივრცეებში კი 346 ადამიანი იმყოფება მედიკოსთა მეთვალყურეობის ქვეშ.