უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქე, პოლ ური გარდაიცვალა.
როგორც გაირკვა ური არაკომერციული ჰუმანიტარული ორგანიზაციის - Presidium Network-ის თანამშრომელი იყო. ინფორმაცია ინტერნაციონალურმა ლეგიონმა გაავრცელა.
ლეგიონში ამბობენ, რომ ური უკრაინაში არ იბრძოდა და მათი წევრი არ იყო, ამიტომ სხვა დამატებითი ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ არ აქვთ.
მანამდე ოკუპირებული დონეცკის მარიონეტულმა რეჟიმმა განაცხადა, რომ პოლ ური 10 ივლისს "დიაგნოზისა და სტრესის" გამო გარდაიცვალა. ისინი ირწმუნებიან, რომ ბრიტანეთის მოქალაქეს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
ურის დედა BBC-სთან ინტერვიუში ამბობდა, რომ შვილზე ნერვიულობდა, რადგან მას პირველი ტიპის დიაბეტი ჰქონდა და ინსულინი სჭირდებოდა.
საოკუპაციო რეჟიმი ურის ომში დაქირავებულ ჯარისკაცად მონაწილეობაში ადანაშაულებდა. ის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში აპრილში დააკავეს.