აფხაზური საინფორმაციო სააგენტო Аппсныпресс-ს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ განუცხადა, რომ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიიდან საწვავი შევიდა, რასაც მათივე თქმით, "ხელი არ შეუშალეს".
სააგენტომ დე ფაქტო ხელისუფლებას ფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებაზე კომენტარისთვის მიმართა.
"საწვავის მიწოდება რუსეთის ფედერაციიდან, კონტრაქტით გათვალისწინებული მოცულობების ფარგლებში, კვლავ ხორციელდება. გუშინ რუსეთიდან 1 100 ტონა ბენზინი შემოვიდა. ამასთან, კვლავ არსებობს გარე სირთულეები, რომლებიც დაგეგმილ მიწოდების გრაფიკზე გავლენას ახდენს.
არსებული გარე სირთულეების, ზაფხულის სეზონზე საწვავზე გაზრდილი მოთხოვნისა და საწვავის მწვავე დეფიციტის თავიდან აცილების გათვალისწინებით, რომელიც მნიშვნელოვანი სოციალური დაწესებულებების ფუნქციონირებაზე უარყოფითად აისახებოდა, განიხილება საავტომობილო საწვავისა და სხვა ნავთობპროდუქტების ალტერნატიული წყაროებიდან შემოტანის შესაძლებლობა.
ამჟამად, ობიექტური მიზეზების გამო, საწვავის მიწოდების დამკვიდრებულ წყაროებს პრობლემები აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებშიც რუსეთიდან ნავთობპროდუქტების ექსპორტი ნებადართულია.
სირთულეებს აფხაზეთის საწვავის ბაზრის მონაწილეებიც შეხვდნენ. მათ შეძლეს საქართველოს ტერიტორიიდან საწვავის შემოტანის შესაძლებლობის მოძებნა. არსებული ვითარების განმუხტვის მიზნით გადაწყდა, რომ საქართველოდან საავტომობილო საწვავის შემოტანისთვის ხელის შეშლა არ მოხდა. ასე ხდებოდა სხვა კრიზისული სიტუაციების დროსაც. ომის შემდგომ, 1990-იან წლებში, აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან საქართველოში საწვავის მიწოდებაც ხორციელდებოდა.
აფხაზეთის ხელისუფლება ხელს არ შეუშლის რესპუბლიკაში სხვა ქვეყნებიდან საწვავ-საპოხი მასალების შემოტანას და მზად არის, ამ პროცესში საწვავის ბაზრის მონაწილეებს დახმარება გაუწიოს", - აცხადებენ დე ფაქტო მთავრობაში.
***
ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ საწვავის მწვავე კრიზისის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა.
ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განმარტა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის ბენზინი თბილისიდან ოკუპაციის შესახებ კანონის დაცვით ბიზნესმა შეიტანა.
"კი (ფაქტი დადასტურებულია) ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა. გავიმეორებ, თუკი ასეთი ნაბიჯი იდგმება, იდგმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში. თუ ჩვენ გვექნება მომავალშიც ამის შესაძლებლობა, რომ იქ მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ჩვენ ამას მომავალშიც გავაკეთებთ", - განაცხადა მან.
