საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკე ახალი ძალებით ძველ ჭრილობას ხსნის, - მშობლები, რომლებიც საკუთარ შვილებს ძმათა სასაფლაოზე ცარიელ საფლავთან გლოვობენ, ახლა იმის დადგენას ელოდებიან, თუ ვისია ოკუპირებულ ცხინვალში აღმოჩენილი ნეშტის ძვლები.
სამი ნეშტის ფრაგმენტები ოკუპირებული ტბეთის მცხოვრებმა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების დროს იპოვა - დაღუპულთა ვინაობა და მათი დაღუპვის გარემოებები საოკუპაციო რეჟიმის სამართალდამცველებმა უნდა დაადგინონ.
ქეთევან სუხიტაშვილი 12 წელია გლოვობს დაკარგულ შვილს, თუმცა მისი დაღუპვის დაჯერება მაინც უჭირს. ოთარ სუხიტაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გაუჩინარდა და მას შემდეგ ოჯახი უშედეგოდ ეძებს. ის ცხინვალში 8 აგვისტოს ტანკით პირველი შევიდა. ამის მერე კი მისი კვალი იკარგება. ოთარ სუხიტაშვილი, კიდევ ორ უგზო-უკვლოდ დაკარგულთან ერთად, სახელმწიფომ გარდაცვლილად გამოაცხადა. დედა ფიქრობს, რომ შვილის ნეშტის პოვნა დაუსრულებელ ტანჯვას ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს. ამიტომ სურს, რომ პროცესში სახელმწიფო უფრო აქტიურად ჩაერთოს.
შვილის პოვნის იმედი ქეთევან სუხიტაშვილს ყოველ ჯერზე უახლდება, როცა ცხინვალის რეგიონში ნეშტის პოვნის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. სწორედ სამი ნეშტის პოვნის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია ცხინვალის რეგიონში მომუშავე მედიამ. სოფელ ტბეთის მცხოვრებმა ძვლების ფრაგმენტები შემთხვევით, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს იპოვა. ნეშტი დე ფაქტო პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ამოიღეს. მათი ინფორმაციით ძვლების ფრაგმენტები ერთ ოსსა და ორ დაღესტანელს ეკუთვნის, რომლებიც 2004 წლიდან არიან გაუჩინარებული.
ამ კონკრეტულ შემთხვევას კონფლიქტის დროს გაუჩინარებულ მოქალაქეებს არ უკავშირებენ წითელ ჯვარში, რომელიც დაკარგული პირებს საერთაშორისო მანდატის ფორმატში ეძებს. ორგანიზაციის ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი 2010 წლიდან ორი მიმართულებით - აფხაზეთსა და ცხინვალში მუშაობს. მთავარი მეთოდი კი ყველა მხარეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან კონფიდენციალური დიალოგია. საქმიანობა წითელ ჯვარს არც პანდემიის დროს შეუწყვეტია.
წითელი ჯვრის კომისიის ფარგლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნის მიმართულებით მუშაობდა შოთა უტიაშვილიც. ის 2008 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ის ამბობს, რომ დაკარგულთა ნეშტის მოძიებით ყველა მხარე დაინტერესებულია, ამიტომ საკითხის პოლიტიზებას ყველა ერიდება. თუმცა ნეშტის გადაცემა შესაძლოა იმ მიზეზით გაჭიანურდეს, რომ მხარეს სიკვდილის მიზეზების დადგენის გამჟღავნება არ უნდოდეს.
ცხინვალში ომის დროს დაღუპული 7 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი შარშან დაუბრუნდა ოჯახის წევრებს. წითელი ჯვარი ჰუმანიტარული ფორმატის ფარგლებში მუშაობას აგრძელებს.