logo
ENG



ოკუპირებული ცხინვალიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილის ვიდეო ვრცელდება

09 ნოე 202319:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/09/dtwjv0vxqbj0yxt.png

ოკუპირებული ცხინვალიდან ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალთან გატაცებული ლევან დოთიაშვილის ვიდეო ვრცელდება, სადაც ის ე.წ. KGB-ში, სავარაუდოდ, დაკითხვაზე იმყოფება. დოთიაშვილი ვიდეოში უკანონო დაკავებამდე მომხდარს ჰყვება. 

"სასაფლაოზე ვსვამდით 6 კაცი, ვალიკო დოთიაშვილი, თამაზ გინტური, ვასიკო წიოტაშვილი, მერაბ პაპიტაშვილი და მერაბ დათვიაშვილი. ამის შემდეგ, რომ დავიშალეთ, ორი მანქანით წავედით. ერთი მანქანა წავიდა, სამნი სოფლისკენ, სამნი ლომისას ეკლესიაში სანთლების ასანთებად", - ამბობს ის ვიდეოში. 

კითხვაზე, თუ ვისთან ერთად იმყოფებოდა, დოთიაშვილი ამბობს:

"თამაზ გინტური და თამაზ პაპიტაშვილი. საჭესთან იჯდა თამაზ გინტური, რა დროსაც ავედით ეკლესიაში, სანთლები დავანთეთ". 

მას, ასევე, ეკითხებიან, თუ როგორ გააღეს კარები. 

"კარები იყო დაკეტილი და გავაღეთ ცულით", - პასუხობს დოთიაშვილი. 

იქაურ მედიაში ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს ადგილობრივ აქტივისტად მოიხსენიებენ, საუბრობენ იმაზე, რომ ის აგვისტოს ომის მონაწილე იყო და "სააკაშვილისა და ენმ-ს მხარდაჭერს" უწოდებენ.

***

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.

ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით აოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა. 

თბილისმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და ლევან დოთიაშვილის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრაზე, ოკუპანტებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულზე ე.წ. გამოძიებას აწარმოებენ და რომ გატაცებული დაჭრილი არ არის და ამჟამად ცხინვალის ე.წ. ციხეში იმყოფება. როგორია ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად, სუს  ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ აზუსტებს. უწყებას ინფორმაცია არც მკვლელობის და გატაცების ზუსტი ადგილის შესახებ აქვს. დაახლოებით ტერიტორიად კი სახელდება ლომისის ეკლესია.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, რომ მოკლულმა და გატაცებულმა ე.წ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ "უკიდურესი აგრესია" გამოიჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი სავარაუდო მკვლელებს ასახელებს. როგორც მისი ძმა ჟურნალისტებთან ამბობს, ეს ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა. მისი თქმით, ეს პირები, სავარაუდოდ, არიან ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო.

 


close დახურვა