logo
ENG



ოლიგარქიული გავლენა მოქმედებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე - Freedom House-ის ანგარიში

03 მარ 202113:55
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/03/yytr58c7gry2l7k.png

საერთაშორისო ორგანიზაციის Freedom House-ის ანგარიშის "თავისუფლება მსოფლიოში 2021", თანახმად, საქართველოს რეიტინგი გაუარესდა და 60 ქულით ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში რჩება. 2019 წელს საქართველოს 63 ქულა ჰქონდა და 2020 წელს კი 61. 

ანგარიშში საუბარია არჩევნებზე, საარჩევნო სისტემასა და კოვიდშეზღუდვებზე. როგორც ორგანიზაცია წერს, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდრეგულაციები საფრთხის პროპორციული იყო, პანდემიის ზრდასთან ერთად, მთავრობასთან დაახლოვებულმა ბიზნესმენემბმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ტენდერები მოიგეს. 

ასევე, ანგარიშში ნახსენებია "ოლიგარქიული გავლენები" პოლიტიკურ პროცესებზე. 

"საქართველოში ტარდება კონკურენტული არჩევნები, მისი დემოკრატიული ტრაექტორია უმჯობესდებოდა 2012-13 წლებში მთავრობის ცვლილებასთან ერთად, მაგრამ ბოლო წლებსი უკან დაიხია.

ოლიგარქიული გავლენა უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე, ხოლო მართლმსაჯულება პოლიტიზირებულია. სამოქალაქო თავისუფლებები არათანმიმდევრულადაა დაცული", - ნათქვამია ანგარიშის ზოგად შეფასებაში.  

საარჩევნო პროცესის შეფასებისას Freedom House საუბრობს კანონმდებლობის ხარვეზებსა და ცესკოში, საუბნო საარჩევნო კომისიების დონეზე მმართველი პარტიის წარმომადგენლობის დომინირებაზე. 

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა ზოგადად სამართლიანია და შესაბამიის ორგანოები მიუკერძოებლად ახორციელებენ მას. მიუხედავად ამისა, ქართული ოცნების წარმომადგენლობის საუბრო კომისიებში დომინირება, გასაჩივრების რთული პროცედუირები და საჩივრის შევსების მოკლე ვადები აზიანებს არჩევნების საკითხს.

"პოლიტიკური პლურალიზმისა და მონაწილეობის" ნაწილში Freedom House ხაზს უსვამს "ერთპარტიულ დომინაციას" და ოპოზიციის განვითარების შეფერხებას.

"საქართველოში დინამიკური, მრავალპარტიული სისტემაა და ახალი პოლიტიკური პარტიები, ძირითადად, მნიშვნელოვანი წინაღობების გარეშე საქმიანობენ. თუმცა, ერთპარტიული დომინაციის ტენდენცია 2000-იანი წლებიდან მოყოლებული აფერხებს მოწინააღმდეგე ჯგუფების განვითარებასა და სტაბილურობას.

2019 წლის ივლისში მამუკა ხაზარაძეს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული ბანკის დამაარსებელს და მის პარტნიორს ფულის გათეთრებაში დასდეს ბრალი, პოლიტიკური პარტიის ფორმირების შესახებ გაცხადებიდან 2 კვირის თავზე. პოლიტიკურმა პარტიამ, ლელო საქართველოსთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 4 მანდატი მოიპოვა, თუმცა ხაზარაძის საქმის გამოძიება ოქტომბრამდე გაგრძელდა", - წერია ანგარიშში. 

ასევე, დოკუმენტში საუბარია ბიძინა ივანიშვილზე და მის თანამდებობებზე. Freedom House ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ივანიშვილის პირველი გადადგომის შემდეგ მან პარტიის მართვა არაფორმალურად გააგრძელა. 

"ივანიშვილი, მდიდარი ბიზნესმენი, რომელმაც 2011 წელს ქართული ოცნება დააფუძნა, პარტიის თავმჯდომარეობიდან და პრემიერმინისტრობიდან 2013 წელს გადადგა, თუმცა პარტიის მთავარ დამფინანსებლად დარჩა და მისი კონტროლი არაფორმალურად განაგრძო.

მისი შემდგომი პრემიერმინისტრები და პარტიის თავმჯდომარეები მისი ნდობით აღჭურვილი პირები და ყოფილი თანამშრომლები იყვნენ. ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე 2018 წელს აირჩიეს, იგი თანამდებობას 2020 წლამდე იკავებდა", - წერს Freedom House. 

საერთაშორისო ორგანიზაცია ანგარიშში ახსენებს მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას საქმეს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მთავარი არხის მაუწყებლობის დაწყებიდან მალევე, მისი დამფუძნებელი გიორგი რურუა იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით დააკავეს, საქმე კი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნიეს. 

"2019 წლის ივლისში, მრავალწლიანი სამართლებრივი დავა ოპოზიციური ტელევიზიის, რუსთავი 2-ის მფლობელობის შესახებ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გადაწყდა, რის შედეგადაც, მაუწყებელი ქართული ოცნების მიმართ სიმპატიით განწყობილ ყოფილ მფლობელს გადაეცა. თანამშრომლების დიდმა ნაწილმა ტელეკომპანია დატოვა და ახალ ტელევიზიაში, მთავარ არხში გადავიდა. ტელევიზიამ მაუწყებლობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო. მალევე მისი დამფუძნებელი გიორგი რურუა იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით დააკავეს - საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნეოდა. რურუას 2020 წლის ივლისში 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს", - წერია ანგარიშში. 


close დახურვა