სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმაურება აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე ტიტუშკების თავდასხმას და მოუწოდებს "საპოლიციო ძალებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება და უზრუნველყონ ადგილზე მოქალაქეთა უსაფრთხოება".
"ბოლო ერთი საათის განმავლობაში, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, შავებში ჩაცმული პირები თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან მოქალაქეებს და ტვ პირველის ჟურნალისტებს.
სახალხო დამცველი მოუწოდებს რუსთაველის მიმდებარედ მობილიზებულ საპოლიციო ძალებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება და უზრუნველყონ ადგილზე მოქალაქეთა უსაფრთხოება.
სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და მოხდეს შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა"- ნათქვამია განცხადებაში.
ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ტიტუშკები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს, თავს დაესხნენ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს - ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს. შეიჭრნენ კოალიცია ცვლილებისთვის ოფისში და სცემეს პარტიის წევრი კობა ხაბაზი, ასევე ფიზიკურად გაუსწორნდენ პარტიის კიდევ ერთ წევრს.