საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს გენერალურ პროკურორს წინადადებით მიმართა, რათა დაიწყოს გამოძიება აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების მიმართ შესაძლო დევნის ფაქტებზე. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
სახალხო დამცველის განცხადებით, საქმის გარემოებების შესწავლით გაირკვა, რომ ტელევიზიის თანამშრომლები იდევნებოდნენ განსხვავებული აზრის, კერძოდ, მენეჯმენტის გადაწყვეტილებებზე ღიად გამოხატული კრიტიკული მოსაზრებების გამო.
"დაუსაბუთებლად ან ფაქტობრივად არასწორი დასაბუთებით ხდებოდა კონკრეტული თანამშრომლებისთვის ფუნქციების ცალმხრივად შეცვლა, დისციპლინური დევნის დაწყება და სამსახურიდან გათავისუფლება, რომლის მოტივიც ხსენებული პირების მხრიდან კრიტიკული აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იყო. სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საგამოძიებო უწყებამ აღწერილი ფაქტები სამოქალაქო დავის საგნად მიიჩნია და გამოძიება არ დაიწყო. უდავოა, რომ ტელევიზიის თანამშრომლების მიერ შრომითი უფლებების აღდგენის მიზნით სასამართლოსთვის მიმართვა ვერ ჩაითვლება შესაძლო დანაშაულის (დევნის) საკმარის საპასუხო მოქმედებად. ამასთან, სამოქალაქო სამართალწარმოება არ გამორიცხავს შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებზე გამოძიების ჩატარებას", - აცხადებს ომბუდსმენი.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს" თანამშრომლების მიმართ განხორციელებული მოქმედებები, რომელიც შეიცავს შესაძლო დევნის ნიშნებს, საგამოძიებო უწყების მხრიდან ადეკვატურ შეფასებას, გამოძიების დაწყებასა და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარებას საჭიროებს.
2019 წლის გაზაფხულზე აჭარის ტელევიზიის დირექტორს, ნათია კაპანაძეს ქართული ოცნების წარდგინებით არჩეულმა მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტი გამოუცხადა. კაპანაძის ნაცვლად, 2019 წლის ნოემბერში აჭარის მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს. სწორედ კოხრეიძემ გაათავისუფლა აჭარის ტელევიზიიდან ათობით თანამშრომელი. გათავისუფლებული ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ კოხრეიძე მათ განსხვავებული აზრის გამო დევნიდა.
მესამე სექტორის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ერევა.
2020 წლის 1 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ირენ ხანს და მედიის საკითხებზე ეუთოს წარმომადგენელს ჰარლემ დეზირს მიმართა.
ომბუდსმენის გაგზავნილ წერილებში, საქართველოს სახალხო დამცველმა ინფორმაცია მიაწოდა აღნიშნული მანდატის მქონე პირებს ტელეკომპანიაში მიმდინარე მოვლენების შესწავლის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე.